მეცნიერებმა სრულიად შემთხვევით მიაგნეს მემკვიდრეობითი სიმელოტის სამკურნალო საშუალებას. მემკვიდრეობა სიმელოტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია როგორც კაცებში, ისე ქალებში.
ყველაფერი დაიწყო შაქრის კვლევით, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება და მას დნმ-ის წარმოქმნაში ეხმარება — ეს არის დეოქსირიბონუკლეინმჟავის (დნმ) დეზოქსირიბოზა ნაწილი.
როდესაც სწავლობდნენ, როგორ აშუშებს ჭრილობებს ეს შაქრები თაგვებში ადგილობრივად წასმისას, ბრიტანეთის შეფილდის უნივერსიტეტისა და პაკისტანის COMSATS უნივერსიტეტის მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ჭრილობების გარშემო ბალანი იმაზე სწრაფად გაიზარდა, ვიდრე იმ თაგვებში, რომლებსაც ამ საშუალებით არ მკურნალობდნენ.
მკვლევართა ჯგუფი ამ საკითხით დაინტერესდა და კვლევა გააგრძელეს.
აიღეს მამრი თაგვები, რომლებსაც ტესტოსტერონით გამოწვეული თმის ცვენა აწუხებდათ და ზურგზე ბეწვი მოაცალეს. მოშიშვლებულ კანზე მკვლევრები მათ ყოველდღიურად უსვამდნენ დეზოქსირიბოზის შაქრის გელს და სულ რამდენიმე კვირაში, ამ რეგიონებში ბალანმა მტკიცედ ზრდა აჩვენა — გამოჩნდა გრძელი, სქელი, ინდივიდუალური თმები.
დეზოქსირიბოზის შაქრის გელი იმდენად ეფექტიანი იყო, რომ როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ის ისეთივე კარგად მოქმედებდა, როგორც მინოქსიდილი — თმის ცვენის ადგილობრივი სამკურნალო საშუალება, რომლის ბრენდული სახელიც არის Rogaine.
„ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ თმის ცვენის მკურნალობა ალბათ შესაძლებელი უნდა იყოს უმარტივესად, ბუნებრივი დეზოქსირიბოზა შაქრით, რომელიც თმის ფოლიკულებთან სისხლის მიწოდებას აძლიერებს და თმის ზრდას ახალისებს“, — ამბობს შეფილდის უნივერსიტეტის ქსოვილების ინჟინერი შეილა მაკნილი.
მემკვიდრეობითი სიმელოტე, ანუ ანდროგენური ალოპეცია ბუნებრივი დაავადებაა, რომელსაც განაპირობებს მემკვიდრეობა, ჰორმონების დონე და ასაკი. ამავე დროს, ის სხვადასხვაგვარად არის წარმოდგენილი კაცებსა და ქალებში.
ეს პრობლემა მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტს აწუხებს; მიუხედავად ამისა, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) ამ დროისთვის მხოლოდ ორი სამკურნალო საშუალება აქვს დამტკიცებული.
მიუხედავად იმისა, რომ მინოქსიდილი ურეცეპტოდ გაიცემა, ის თმის ცვენას ანელებს და გარკვეულწილად ხელს უწყობს ხელახლა ზრდას — ამ პრობლემის მქონე ზოგიერთ ადამიანში საერთოდ არ მოქმედებს.
თუ მინოქსიდილი არაეფექტიანი აღმოჩნდა, კაცი პაციენტები მერე უკვე მინასტერიდს მიმართავენ (ბრენდული სახელი Propecia) — რეცეპტულ ორალურ პრეპარატს, რომელიც ორგანიზმში ტესტოსტერონის მოძრაობას ინარჩუნებს. ქალებისთვის ის ჯერ დამტკიცებული არ არის.
ფინასტერიდი კაცებში თმის ცვენას დაახლოებით 80-90 პროცენტით ანელებს, მაგრამ დაწყების შემდეგ, საჭიროა მისი გამუდმებით მიღება. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი, ზოგჯერ მწვავე გვერდითი ეფექტები, მათ შორის, ერექციული დისფუნქცია, სათესლე ჯირკვლების ან მკერდის ტკივილი, ლიბიდოს შესუსტება და დეპრესია.
„ანდროგენური ალოპეციის მკურნალობა დღემდე გამოწვევად რჩება“, — წერენ მკვლევრები.
დეზოქსირიბოზისგან ჯგუფმა ბიოდეგრადირებადი, არატოქსიკური გელი შექმნა და კაცის ტიპის სიმელოტის მქონე სამოდელო თაგვებს წაუსვეს.
მელოტ თაგვებზე შეამოწმეს მინოქსიდილიც, რომელთაგან ზოგიერთს ასევე მისცეს შაქრის გელის ერთი დოზაც.
იმ თაგვებისგან განსხვავებით, რომლებსაც მხოლოდ გელი მისცეს ყოველგვარი სხვა პრეპარატის გარეშე, მათ რომლებსაც გელი დეზოქსირიბოზის შაქართან ერთად მისცეს, დაეწყოთ თმის ახალი ფოლიკულების მნიშვნელოვნად გაჩენა.
კაცის ტიპის სიმელოტის მქონე თაგვებში, მინქოსიდილმაც და შაქრის გელმაც თმის ზრდის 80-90 პროცენტით წახალისება გამოიწვია. თუმცა, ამ საშუალებათა კომბინაციამ რაიმე დიდი სხვაობა არ განაპირობა.
20-დღიანი ცდისას, სხვადასხვა ეტაპზე გადაიღეს ფოტოებიც, რომლებზეც ეფექტი აშკარად ჩანს.
მკვლევრებმა ჯერ ზუსტად არ იციან, რატომ განაპირობებს დეზოქსირიბოზის გელი თაგვებში გრძელი და ხშირი თმის ზრდას, მაგრამ ნამკურნალები ადგილების გარშემო მათ შენიშნეს სისხლძარღვებია და კანის უჯრედების ზრდა.
„რაც უფრო უკეთესად მიეწოდება თმის ფოლიკულს სისხლი, მით უფრო დიდია მისი დიამეტრი და მეტად იზრდება თმაც“, — განმარტავენ მკვლევრები.
„ეს დარგი ცუდად არის შესწავლილი და შესაბამისად, საჭიროა ახალი მიდგომები. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა ჯერ ძალიან ადრეული ეტაპია, მაგრამ შედეგები იმედისმომცემია და შემდეგი კვლევა-ძიების იმედს გვაძლევს“, — წერენ მკვლევრები.
ექსპერიმენტი მხოლოდ მამრ თაგვებზე ჩატარდა და შემდეგ კვლევებში უნდა დადგინდეს, მუშაობს თუ არა ეს ბუნებრივი შაქარი ტესტოსტერონით მართული ალოპეციის წინააღმდეგ მდედრ თაგვებშიც.
კვლევა Frontiers in Pharmacology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.