მეცნიერებმა შექმნეს კონტაქტური ლინზები, რომლებიც თვალებიდან ლაზერს გამოანათებს
ძროხის თვალის კაკლებს მეცნიერებმა წარმატებით გადააკრეს უკიდურესად თხელი, ლაზერის სინათლის გამომყოფი მემბრანა. მოქნილი, მოძრავი ლაზერის გამოგონება სრულიად ახალი საფეხურია უსაფრთხოებისთვის — ერთ მშვენიერ დღესაც, ყველა ჩვენგანმა შესაძლოა, თვალებიდან ლაზერის სხივები ვანათოთ.
ლაზერის სინათლე ხელოვნურია და გამოიყენება ზუსტ ხელსაწყოებში, საზომებსა და ქირურგიაში, მოძრაობისა თუ ადგილდებარეობის თვალყურის დევნებისთვის. სტაბილურობისთვის, ლაზერთა უმეტესობა მოითხოვს მყარ სტრუქტურას, რაც განსაკუთრებით ართულებს მათ მიბმას მოქნილ ზედაპირებზე.
როგორც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევა იუწყება, მეცნიერებმა ეს პრობლემა უკვე დაძლიეს. მათ შექმნეს ულტრათხელი მემბრანა-ლაზერი, რომლის დაყენებაც შესაძლებელია გამრუდებულ ან სათუთ ობიექტებზე, ზუსტად სტიკერის მსგავსად.
კვლევის თანაავტორის, გაერთიანებული სამეფოს წმინდა ანდრიას უნივერსიტეტის პროფესორის, მეილტ გათერის განცხადებით, ლაზერის სისქე მილიმეტრზე 1000-ჯერ თხელია.
მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა გამოთვალეს ლაზერის დამუხტვისა და მუშაობისათვის საჭირო ენერგიის ოდენობა (რაც უსაფრთხო იქნებოდა ძროხისა თუ ადამიანის თვალისთვის), მემბრანა მათ ლურჯი სინათლით დამუხტეს, კონტაქტურ ლინზაზე დაამონტაჟეს და შემდეგ ძროხას ჩაუსვეს თვალის კაკალში (ძროხის თვალს ადამიანის თვალის მსგავსი სტრუქტურა აქვს).
შედეგი? ძროხის თვალებმა სუფთა მწვანე ლაზერის ნაკადი გამოყო.
მეცნიერთა განცხადებით, მსგავსმა ლაზერებმა შესაძლოა, სამომავლოდ მრავალმხრივი გამოყენება ჰპოვოს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით