მეცნიერებმა მოხალისეები კორონავირუსით განზრახ დააინფიცირეს — ექსპერიმენტის შედეგები მრავალ საყურადღებო ინფორმაციას გვაწვდის #1tvმეცნიერება
ახალგაზრდა, ჯანმრთელი მოხალისეები მეცნიერებმა განზრახ დააინფიცირეს SARS-CoV-2-ით, COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით. ექსპერიმენტის პირველადი შედეგები უკვე ცნობილია.
რეცენზირებამდელ ბაზა Springer Nature-ში გამოქვეყნებული კვლევა ჯერ რეცენზირების პროცესშია, მაგრამ გარკვეულ ცნობებს გვაწვდის იმის შესახებ, როგორ ვითარდება ვირუსი ორგანიზმში შესვლის მომენტიდან სხეულში სრულ ამოძირკვამდე.
კვლევისათვის მეცნიერებმა 18-დან 30 წლამდე ასაკის 34 ჯანმრთელი მოხალისე შეკრიბეს; არც ერთ მათგანს არასოდეს ჰქონდა გადატანილი SARS-CoV-2 ინფექცია და არც COVID-19-ის ვაქცინით იყვნენ აცრილი. კვლევის დასაწყისში SARS-CoV-2-ის ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტები ყველა მათგანის შემთხვევაში უარყოფითი იყო.
თითოეულ მოხალისეს წვეთების სახით ვირუსი SARS-CoV-2 ცხვირში ჩააწვეთეს. წვეთები დაახლოებით იმავე რაოდენობის ვირუსს შეიცავდა, რამდენსაც ინფიცირებული ადამიანის ცხვირის სითხიდან წამოსული წვეთი იმ მომენტში, როდესაც ის ყველაზე გადამდებია.
კვლევაში გამოყენებული SARS-CoV-2-ის შტამი ალფა ვარიანტზე (რომელიც 2020 წლის სექტემბერში აღმოაჩინეს) წინანდელი იყო, მაგრამ განსხვავდებოდა ვირუსის თავდაპირველი ვერსიისგან, რომელსაც გააჩნდა მუტაცია, სახელად D614G. ეს მუტაცია გავლენას ახდენს წვეტ (სპაიკ) ცილებზე და ზრდიდა ვირუსის გადამდებობას; წვეტ წილებს ვირუსი უჯრედში შესასვლელად იყენებს.
ვირუსის ჩაწვეთების შემდეგ, 18 მოხალისე დაინფიცირდა, მათგან 16-ს მსუბუქიდან საშუალომდე სიმძიმის სიმპტომები განუვითარდა, მაგალითად, ყელისა და თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება და სიცხე. 13-მა ინფიცირებულმა მოხალისემ დაკარგა სუნის შეგრძნება; მათგან ათს სუნის შეგრძნება ნორმაში დაუბრუნდა სამი თვის ფარგლებში, მაგრამ სამს ეს შეგრძნება ამ დროის გასვლის შემდეგაც არ ჰქონდა დაბრუნებული.
„საბედნიეროდ, ექსპერიმენტში არ დაფიქსირებულა მძიმე სიმპტომები ან კლინიკური გართულებები“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ინფექციურ-დაავადებათა ექიმი, იმუნოლოგი კრისტოფერ ჩიუ.
მისივე თქმით, ამ მიზეზის გამო, კვლევის შედეგები ყველაზე მეტად წარმომადგენლობითია მსუბუქი ინფექციებისთვის, ვიდრე მძიმე შემთხვევებისთვის.
18 ინფიცირებულ მონაწილეში, ინკუბაციის საშუალო პერიოდი, ანუ ვირუსის ორგანიზმში შესვლიდან ტესტებში პირველად დაფიქსირებამდე გასული დრო, 42 საათი იყო. მკვლევრები მოხალისეებისგან ნაცხის ნიმუშებს ყელიდან და ცხვირიდან დღეში ორჯერ იღებდნენ და PCR ტესტებითა და სხვა ლაბორატორიული საშუალებებით დაიანგარიშეს მათში არსებული ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა, ანუ ინფექციურობა.
დაადგინეს, რომ მონაწილეებში ვირუსის რაოდენობა საინკუბაციო პერიოდის შემდეგ სწრაფად იზრდებოდა. ვირუსი პირველად ყელში დაფიქსირდა, ინფიცირებიდან 40 საათის შემდეგ, შემდეგ კი ცხვირში, ინფიცირებიდან 58 საათის შემდეგ.
საშუალოდ, მონაწილეებში ვირუსულმა ჩატვირთვამ პიკს ინფიცირებიდან ხუთი დღის შემდეგ მიაღწია. ვირუსის დონე ყელში უფრო დაბალი რჩებოდა, ვიდრე ცხვირში და პიკსაც უფრო მალე აღწევდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სიმპტომებისა, ყველა ინფიცირებულ მონაწილეში ვირუსული ჩატვირთვა ერთნაირი იყო.
COVID-19-ის სწრაფი ტექსტები ვირუსს საიმედოდ აფიქსირებდა ინფექციის მიმდინარეობისას, მაგრამ ოდნავ ნაკლებად მგრძნობიარე იყო ინფექციის დასაწყისსა და დასასრულში, როდესაც ვირუსული ჩატვირთვა შედარებით დაბალია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვირუსის დაფიქსირების ალბათობა ნაკლები იყო ვირუსის დაბალი დონისას, ანუ, ამ პერიოდებში მაღალი იყო „ცრუ უარყოფითი“ შედეგის ალბათობა.
„დავადგინეთ, რომ სწრაფი ტესტები ძლიერ საიმედოა ინფექციური ვირუსის არსებობისას“, — ამბობს ჩიუ.
ჯგუფი ახლა იმის შესწავლას გეგმავს, რატომ არ დაინფიცირდა ზოგიერთი მონაწილე SARS-CoV-2-ით; ამას გარდა, მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარებას დელტა ვარიანტზეც გეგმავენ.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.