მეცნიერებმა გამოთვალეს, როდის მოკვდება ბოლო მცენარე დედამიწაზე — #1tvმეცნიერება

14:50, 07.07.2026

თუკი ქოთნის მცენარეები მუდამ გიკვდებათ, შეგიძლიათ ნუგეში იმაში იპოვოთ, რომ მცენარეების სახეობა, როგორც მთლიანობა, სავარაუდოდ ძალიან დიდხანს გადარჩება.

უფრო მეტიც, ისინი შეიძლება მაშინაც არსებობდნენ, როცა მზე ოკეანეებს აადუღებს და დედამიწის ზედაპირიდან ააორთქლებს.

ყოველ შემთხვევაში, ასე მიუთითებს ორი პლანეტური მეცნიერის ახალი კვლევა. მათ მოდელების სერიები გამოიყენეს, რათა შეეფასებინათ დედამიწის ვეგეტატიური ბიოსფეროს, ანუ მცენარეული სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა.

Journal of Geophysical Research: Atmospheres-ში გამოქვეყნებული მათი სიმულირებული სცენარები მიუთითებს, რომ უკანასკნელი მცენარე დედამიწაზე 1,87 მილიარდი წლის შემდეგ გახმება და მოკვდება.

იმ დროისათვის, მზე დაახლოებით 20 პროცენტით უფრო კაშკაშა იქნება, რაც სავარაუდოდ, მცენარეულ სიცოცხლეს გადახრუკავს და გააქრობს.

თუმცა, ამ წინადადების ბოლოს შეიძლება ვარსკვლავის ნიშანიც დაისვას და სქოლიოში განიმარტოს, რომ მცენარეებმა შეიძლება ამ მომენტსაც გაუძლონ.

მცენარეები პლანეტის ბიომასის დაახლოებით 80 პროცენტს შეადგენს. ამიტომ, დედამიწა ვალდებულია, მათ ბლომად მზის სინათლე, წყალი და ნახშირორჟანგი მიაწოდოს. მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე?

და რამდენ ხანში მიაღწევენ მცენარეები თავიანთ ზღვარს?

ამის გასარკვევად, სიეტლში, არაკომერციული კვლევითი ინსტიტუტის, Blue Marble Space-ის ასტრობიოლოგმა ჯეიკობ ჰაქ-მისრამ და პლანეტური კლიმატის მეცნიერმა ერიკ ვულფმა სიმულაციების სერიები ჩაატარეს.

3D მოდელის გამოყენებით, მათ გამოთვალეს, რა დაემართება დედამიწის კლიმატს მომდევნო ორი მილიარდი წლის განმავლობაში. მოდელში გაითვალისწინეს რამდენად მოიმატებს მზის სიკაშკაშე დროთა განმავლობაში, ასევე ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციის ცვლილებები.

თუ უგულებელყოფთ გამონაკლისს, რომელსაც წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის მიერ გამოწვეულ CO2-ის გამოყოფა, დედამიწის ბუნებრივი ნახშირბად-სილიკატური ციკლის შედეგად, მუდმივად ხდება ატმოსფეროდან CO2-ის ამოღება და ოკეანეებში გადატანა, სადაც ის თანდათანობით ილექება ზღვის ფსკერზე, გარდაიქმნება ქანად და საბოლოოდ კვლავ ატმოსფეროს უბრუნდება ვულკანური ამოფრქვევებისა და ფილების ტექტონიკის შედეგად.

უცნობია, რამდენად ძლიერად არის კავშირში ამ ტიპის დაშლა ზედაპირის ტემპერატურაზე; ამიტომ, მკვლევრებმა მოახდინეს ციკლის როგორც ძლიერი, ისე სუსტი ვერსიების სიმულირება.

ძლიერი დაშლის მოდელში, დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა შედარებით სტაბილური რჩება, მაგრამ ატმოსფეროში CO2-ის რაოდენობა მკვეთრად ეცემა. ამ სცენარში, მცენარეებს ნახშირბადის დეფიციტი ექნებათ, რაც ვეგეტატიურ ბიოსფეროს დაახლოებით 1,84 მილიარდი წლის შემდეგ მოსპობს.

თუმცა, სუსტი დაშლის მოდელში, CO2-ის დონე სტაბილური რჩება, მაგრამ ტემპერატურა აწევას განაგრძობს. საბოლოოდ, დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 65 გრადუს ცელსიუსს აღწევს — ამ ტემპერატურაზე ხმელეთის ვერცერთი მცენარე ვეღარ გადარჩება.

ამ სცენარით, დედამიწაზე მცენარეულობის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს ამ მომენტიდან კიდევ 1,87 მილიარდ წელიწადს — უფრო მეტს, ვიდრე წინა კვლევების უმეტესობა ვარაუდობდა.

„მიუთითებს შესაძლებლობას, რომ დედამიწის ფოტოსინთეზურმა ბიოსფერო შეიძლება გარკვეულ ფორმებში სიცოცხლისუნარიანი დარჩეს იმ წერტილში, როცა დედამიწა წყლის დაკარგვას დაიწყებს. თუ ასეა, დედამიწის ვეგეტატიური ბიოსფეროს სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა იგივე იქნება, რაც ოკეანეების სიცოცხლის ხანგრძლივობა“, — წერენ მკვლევრები.

თუმცა, მთელ კვლევას ერთი ძალიან საინტერესო დეტალი აქვს — სიმულაციები ისე ჩატარდა, რომ არ გაუთვალისწინებიათ არანაირი ევოლუცია მცენარეულ სიცოცხლეში და არც ადამიანების მიერ მიღწეული რაიმე პოტენციური ტექნოლოგიური წინსვლა (ან სხვა გონიერი ცივილიზაცია, რომელიც შეიძლება შორეულ მომავალში წარმოიშვას).

ამ ფაქტორებიდან რომელიმემ ან ორივემ შეიძლება გაახანგრძლივოს მცენარეების გადარჩენის ხანგრძლივობა დედამიწაზე — ან რაც მნიშვნელოვანია, მის ფარგლებს გარეთაც.

„შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სცენარი, რომელშიც მცენარეები გამოიმუშავებენ თავიანთი ტემპერატურისა და წნევის რეგულირების უნარს, ალბათ კლიმატის ცვლილების საპასუხოდ. მზის სიკაშკაშის მომატებასთან ერთად, მცენარეებმა შეიძლება მასთან ადაპტირება დაიწყონ, გავრცელდნენ მაღალ განედებზე, სტრატოსფეროში და მის მიღმაც. დედამიწის ზედამ ატმოსფეროდან, სიცოცხლემ შეიძლება გაფანტვა დაიწყოს დაბალი გრავიტაციის ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა კომეტები და მთვარეები, ასევე თავისუფლად იტივტივოს კოსმოსში“, — წერენ მკვლევრები.

შესაძლო ტექნოლოგიური ჩარევები ძალიან სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს. გეოინჟინერიულმა მეთოდებმა, როგორიცაა ამრეკლავი აეროზოლები ზედა ატმოსფეროში ან მზისგან დამჩრდილავები ორბიტაზე — შეიძლება დედამიწა გააგრილოს მზის გაზრდილი სიკაშკაშის პერიოდში, მაგრამ ამ სარისკო სტრატეგიების შედეგები ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის.

კიდევ უფრო სპეკულაციურ იდეებს შორის შეიძლება იყოს თავად დედამიწის გადაწევა უფრო შორეულ ორბიტაზე, მზის მასაზე მანიპულირება, რათა შენარჩუნდეს მისი სიკაშკაშისა და ტემპერატურის სტაბილურობა.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია დაზუსტებით იცოდე, რას გვიქადის მომავალი, მაგრამ ნამდვილად კომფორტულია იმაზე ფიქრი, რომ დედამიწა მილიარდზე მეტი წლის შემდეგაც შეიძლება მწვანე იყოს.

დედამიწაზე სიცოცხლე მდგრადია; თერმული სტრესისა ან CO2-ის დეფიციტის მიერ შემოღებული ზღვრები შესაძლოა, მხოლოდ ბიოსფეროს შესახებ ჩვენს დღევანდელ დაკვირვებებს ასახავდეს და არა მკაცრ შეზღუდვებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განიცადოს ევოლუცია ბიოსფერომ. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩვენი პლანეტის ამბავი მომავალში არის ის, რომ სიცოცხლე იქამდე გადარჩება, სადამდეც დედამიწა“, — ასკვნიან მკვლევრები.

კვლევა Journal of Geophysical Research: Atmospheres-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი