აღმოჩენილია პლანეტა, რომელმაც საკუთარი ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ მეორე სიცოცხლე დაიწყო — #1tvმეცნიერება

17:12, 02.07.2026

ირმის ნახტომის უცნაურ პლანეტებს შორის, ყველაზე იდუმალები არიან თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების გარშემო მოძრავნი.

ისინი ჩვეულებრივი ვარსკვლავები კი არ არიან, ბირთვული სინთეზით რომ ცოცხლობენ, არამედ წარმოადგენენ მზის მსგავს ვარსკვლავთა ულტრამკვრივ ნარჩენებს მათი სიკვდილის შემდეგ — როცა ჯერ წითელ გიგანტად გაიბერებიან, შემდეგ გარე შრეებს მოიშორებენ და ბოლოს მკვრივ ვარსკვლავურ ბირთვად კოლაფსირდებიან.

სწორედ ეს დაემართება ჩვენს მზესაც დაახლოებით ხუთ მილიარდ წელიწადში; შესაბამისად, თეთრი ჯუჯების გარშემო მოძრავი ნებისმიერი ეგზოპლანეტა მეცნიერთა ძლიერი ინტერესის საგანია იმის იმედით, რომ გარკვეულ ცნობებს მიიღებენ მზის სისტემის საბოლოო ბედის შესახებ.

ახლახან, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, ასტრონომებმა პირველად შეიხედეს გიგანტური პლანეტა WD 1856b-ის ატმოსფეროში. ეს პლანეტა თეთრი ჯუჯის გარშემო მოძრაობს და აღმოჩნდა, რომ ის იმაზე გაცილებით ცხელია, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა.

„როგორც კი WD 1856b-ის სპექტრი დავინახეთ, რომელშიც ჩანდა პლანეტის ეფექტიანი ზომის კოლოსალური ვარდნა უფრო გრძელ ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში, აღმოგვხდა: ვაუ, რა ჯანდაბა ხდება აქ? ჯეიმს ვების მიერ გადაღებული მისი ტრანზიტის სპექტრი რაღაც ისეთია, რაც ჯერ არცერთ სხვა პლანეტაზე არ გვინახავს“, — ამბობს ბრიტანეთის სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის ასტრონომი რაიან მაკდონალდი.

თეთრი ჯუჯები სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ობიექტებია. როდესაც მზეზე მაქსიმუმ რვაჯერ დიდი ვარსკვლავი მთავარი მიმდევრობის ფაზას ამოწურავს, მისგან მხოლოდ თეთრი ჯუჯა რჩება, მკვდარი ბირთვი, რომელიც ტრილიონობით წლის განმავლობაში ანათებს მხოლოდ ნარჩენი სითბოთი.

ასე თუ ისე ცნობილია, როგორ მიმდინარეობს ეს ტრანსფორმაცია. როცა ვარსკვლავი მისი ბირთვული საწვავის სრულად გამოლევას უახლოვდება, იბერება და თავის პირვანდელ ზომაზე ასეულობით დიდი ხდება.

თანდათანობით, ეს გაბერილი გარსი კიდევ უფრო ფართოვდება და სრულად გაიფანტება, მაგრამ ბირთვი, რომელსაც უკვე აღარ აქვს სინთეზის გარეთ მიმართული წნევა — გრავიტაციით კოლაფსირდება.

ასე ჩნდება თეთრი ჯუჯა, რომელიც უკიდურესად მკვრივია და დაახლოებით 1,4 მზის მასა თავს იყრის თითქმის დედამიწის ზომის ობიექტში.

ასტრონომები ფიქრობენ, რომ მზის სისტემის შემთხვევაში, ეს პროცესი ძალიან გამანადგურებელი იქნება — წითელი გიგანტის ფაზაში, ჩვენი მზე მარსის ორბიტამდე შეიძლება გაფართოვდეს.

„როცა მზე წითელი გიგანტი გახდება, მერკურის და ვენერას გაანადგურებს. დედამიწის ბედი სასაზღვროა (მისი გადარჩენა დამოკიდებულია ვარსკვლავის მოდელის წვრილმან დეტალებზე). თუმცა, გარე პლანეტები — იუპიტერი და სატურნი მზის სიკვდილს დანამდვილებით გადაურჩება“, — განმარტავს მაკდონალდი.

მისი განცხადებით, როცა მზე მოკვდება და მისი ბირთვი თეთრ ჯუჯად გადაიქცევა, დაკარგული მასა შეცვლის გადარჩენილ პლანეტათა ორბიტებს და მათ უფრო შორს გადასწევს. ვინაიდან თეთრი ჯუჯის გრავიტაცია მზისაზე გაცილებით ცოტა იქნება, მზის სისტემა გაცილებით ნაკლებად შეკრული გახდება და დინამიკური ურთიერთქმედებებისთვის პლანეტების გადაადგილება უფრო გაადვილდება.

თეთრ ჯუჯათა გარშემო მრავალი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, რაც ბუნებრივად აჩენს კითხვას, თუ როგორ გადაურჩნენ ისინი ვარსკვლავის სასიკვდილო „როკვას“.

თეთრი ჯუჯების ეგზოპლანეტების ატმოსფეროს შესწავლა გაცილებით რთულია, ვიდრე ცოცხალი ვარსკვლავის პლანეტებისა.

ასტრონომები ეგზოპლანეტის ატმოსფეროს მაშინ სწავლობენ, როცა ის ჩვენსა და თავის ვარსკვლავს შორის ჩაივლის. ამ დროს, როცა მის ატმოსფეროში ვარსკვლავის სინათლე გაივლის, კვალს ტოვებს მასში არსებულ აირებზე, რის საფუძველზეც ასტრონომებს შეუძლიათ დაადგინონ, რისგან შედგება ეს ატმოსფერო.

ვარსკვლავთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ პლანეტებზე დიდია. თუმცა, პლანეტა WD 1856b, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 82 სინათლის წლის მანძილზეა, თავის თეთრ ჯუჯა ვარსკვლავზე შვიდჯერ დიდია.

„ჩვეულებრივ, ტრანზიტული პლანეტის ატმოსფერო ტრანზიტის დროს მთლიანად მისი ვარსკვლავის დისკოზე ექცევა, მაგრამ WD 1856b-ის შემთხვევაში, თეთრ ჯუჯას მხოლოდ ატმოსფეროს ნაწილი ფარავს“, — აღნიშნავს მაკდონალდი.

მისივე თქმით, „ამ სისტემას ჩვენთვის ცნობილ ეგზოპლანეტათა შორის ყველაზე დიდი ტრანზიტის სიღრმე აქვს და ეს ტრანზიტი მხოლოდ 8 წუთს გრძელდება. ამას გარდა, თეთრი ჯუჯა გაცილებით მკრთალია, ვიდრე მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავები. ამიტომ, ეს სისტემა უკიდურესად განსხვავდება იმ სხვა სისტემებისგან, რომლებსაც ჯეიმს ვებით ვსწავლობთ“.

იმისათვის, რათა მკვდარი ვარსკვლავის გარშემო არსებული ამ უცნაური პლანეტური სისტემის სპექტრი შეესწავლათ, მკვლევრებს ახალი მოდელების შემუშავება მოუხდათ.

მკვლევართა ჯგუფი გააოცა არა ეგზოპლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობამ, არამედ მისმა ტემპერატურამ.

ელოდებოდნენ, რომ მისი ტემპერატურა დაახლოებით იუპიტერის მსგავსად -113 გრადუსი ცელსიუსი იქნებოდა; WD 1856b-ის ზომა და ორბიტა იუპიტერის მსგავსია.

თუმცა, მისი ტემპერატურა პლუს 126 გრადუსი ცელსიუსი აღმოჩნდა.

„გვაინტერესებს, როგორ შეიძლება ასე თბილი იყოს პლანეტა, რომელიც გარს უვლის ხნიერ, მკრთალ თეთრ ჯუჯას, რომელიც 4,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა, თავდაპირველი ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ და იქიდან მოყოლებული ცივდება?“, — ამბობს მაკდონალდი.

გიგანტური პლანეტები მილიარდობით წლის განმავლობაში ცივდებიან პროგნოზირებადი მაჩვენებლით. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ამჟამინდელი ტემპერატურა ინახავს მინიშნებებს იმ მოვლენათა შესახებ, რომლებმაც წარსულში ისინი გაათბო.

მკვლევრები ასევე გაოცებული დარჩნენ იმის დადგენით, რომ მიუხედავად იმისა, რომ WD 1856b იუპიტერზე ოდნავ პატარაა, აქვს მასზე შვიდჯერ მეტი მასა.

ერთობლივად, პლანეტის უჩვეულო ტემპერატურამ და მასამ მკვლევრებს მისი ისტორიის აღდგენის საშუალება მისცა.

მათ დაადგინეს, რომ ამ უჩვეულო პლანეტას მაქსიმალური ტემპერატურისთვის მისი ვარსკვლავის თეთრ ჯუჯად გახდომიდან მილიარდობით წლის შემდეგ უნდა მიეღწია. ასეთი დრო მიუთითებს, რომ ამ საქმეში თეთრ ჯუჯას რაიმე პასუხისმგებლობა არ აქვს. ვარსკვლავური ტრანსფორმაციიდან დიდი ხნის შემდეგ, ის რაღაც სხვას უნდა გაეთბო.

ერთ-ერთი შესაძლო დამნაშავეა მეზობელი ორმაგი (ბინარული) ვარსკვლავი, რომლის მოქცევითმა გავლენამ შეიძლება ეგზოპლანეტა გაათბო კიდეც და შორი ორბიტიდან ვარსკვლავთან უფრო ახლოს, ამჟამინდელ ორბიტაზე გადასწია.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ იუპიტერის მსგავს გიგანტურ პლანეტებს შეუძლიათ, დედავარსკვლავის სიკვდილის შემდეგ ჰქონდეთ „მეორე სიცოცხლე“, ხელახლა გაცხელდნენ და განიცადონ ცვლილებები ატმოსფერულ ქიმიაში. ვარსკვლავის სიკვდილი დასასრული არ არის, ეს ახალი თავია იუპიტერის მსგავს პლანეტათა სიცოცხლეში“, — ამბობს მაკდონალდი.

ჯერ არ ვიცით, რას ნიშნავს ეს დედამიწისთვის. ზოგიერთი მოდელის თანახმად, ჩვენს პლანეტას მზე გადაყლაპავს, სხვების მიხედვით — ასე არ მოხდება. თუკი ის შთანთქმას გადაურჩა, არ ვიცით, რას უზამს მზის მასის ხელახლა გადანაწილება დედამიწის ორბიტას.

კაცობრიობა იქამდე ნამდვილად ვერ გაძლებს, რომ ეს მოვლენები იხილოს, მაგრამ შემდეგ, იქნებ ახალი სიცოცხლე აღმოცენდეს. WD 1856b-ის მსგავსი პლანეტების კვლევამ შეიძლება გვითხრას, როგორი შეიძლება იყოს ამის შანსები.

„ოცნებად შეიძლება ჩავთვალოთ თეთრი ჯუჯას გარშემო მოძრავი კლდოვანი პლანეტის პოვნა, იქნებ სასიცოცხლო ზონაშიც კი. რა იქნება იმაზე პოეტური, ვიდრე სიცოცხლის ძებნა მკვდარი ვარსკვლავის გარშემო?“, — ამბობს მაკდონალდი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი