მეცნიერებმა გამოავლინეს სიგამხდრესთან დაკავშირებული გენი, რომელიც თაგვებს წონის მატებაში ხელს უშლის
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები მას ჯერ ბოლომდე ვერ ხსნიან და ადამიანებში საკმაოდ ცვალებადია, მაინც არსებობს კავშირი გენეტიკასა და სიმსუქნეს შორის. ალბათ გყავთ მეგობრები, რომლებიც ჭამენ ყველაფერს, რაც სურთ, მაგრამ მაინც გამხდრები არიან.
ახლახან, მეცნიერებმა გამოავლინეს ერთი გენი, რომელიც შეიძლება, ამ საქმეში გადამწყვეტ როლს თამაშობდეს. მას ALK-ს (ანაპლასტური ლიმფომის კინიზა) უწოდებენ და წინა კვლევებმა ამ გენის მუტაციები გარკვეული ტიპის კიბოებს დაუკავშირა, ასევე დაადგინა, რომ ის მართავს ქსოვილების ზრდას.
უახლესმა კვლევამ კი აღმოაჩინა ALK-ის ორი კონკრეტული ვარიაცია, რომლებიც გამხდარ, დაბალი სხეულის მასის ინდექსის (BMI) მქონე ადამიანებში გვხვდება, მარგამ ვერ ნახავთ ნორმალური წონის მქონე ინდივიდებში. ანალიზები ჩაუტარეს ესტონეთის ბიობანკში შენახულ 20-დან 44 წლამდე ასაკის 47 102 ადამიანის დნმ-ს.
„გვსურდა, გაგვეგო, რატომ. მკვლევართა უმეტესობა სწავლობს სიმსუქნეს და სიმსუქნის გენეტიკას. ჩვენ ეს შემოვატრიალეთ და შევისწავლეთ სიგამხდრე, შესაბამისად, გავხსენით კვლევის ახალი დარგი“, — ამბობს კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო გენეტიკოსი ჯოზეფ პენინგერი.
თაგვებსა და დროზოფილას გვარის მწერებზე ჩატარებულ შემდგომ ტესტებში გაირკვა, რომ ცხოველები, რომლებსაც ALK გენი ჰქონდათ, ჩვეულებრივზე გამხდარი რჩებოდნენ, მაშინაც კი, როდესაც როგორც მკვლევრები ამბობენ, მას „მაკდონალდსის რაციონით“ კვებავდნენ.
რა თქმა უნდა, კორელაცია მიზეზ-შედეგობრივი არ არის. თუმცა, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს გენი, რომელიც ძლიერ არის გამოხატული თავის ტვინში, გარკვეულ როლს თამაშობს, რომ სხეულს უთხრას, რამდენი ცხიმი დაწვას და რამდენი შეინახოს ენერგიის საცავებში.
ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ასეთი პირდაპირი კავშირი არსებობს მწერებსა და თაგვებში, ჯერ არ ვიცით, რა ხდება ამ მხრივ ადამიანებში. მიუხედავად კიბოში ამ გენის როლის მრავალმხრივი კვლევისა, ჩვენი წარმოდგენა ადამიანის ფიზიოლოგიაში ALK გენის როლის შესახებ ჯერ დიდწილათ ბუნდოვანია.
თუმცა, ამ აღმოჩენის ერთი იმედისმომცემი ასპექტი ის არის, რომ მეცნიერებმა უკვე იციან, როგორ ჩაახშონ ადამიანებში ALK, რადგან ის გარკვეულ როლს თამაშობს კიბოს განვითარებაში; შესაბამისად, მისი კავშირების შემდგომი კვლევა რთული არ უნდა იყოს.
„რეალურია, რომ ჩვენ შევძლოთ ALK-ის გამორთვა და მისი ფუნქციის შემცირება იმის სანახავად, დავრჩებით თუ არა გამხდრები. ALK ინჰიბიტორები უკვე გამოიყენება კიბოს მკურნალობაში და ის მიზნობრივია“, — ამბობს პენინგერი.
დამატებითი კვლევები მიმდინარეობს იმის გასარკვევადაც, რათა უფრო ზუსტად დადგინდეს, როგორ მუშაობს ALK გენი ტვინში — პოტენციურად როგორ აბალანსებს ის მეტაბოლიზმს და უზრუნველყოფს სხეულის გამხდარ ფორმებს მოლეკულურ დონეზე.
მიუხედავად აშკარა კავშირისა ALK-ის მუტაციებსა და წონის არმომატებას შორის, ის სავარაუდოდ მხოლოდ ერთი ნაწილია გაცილებით კომპლექსური გენეტიკური ფაქტორების ნაზავისა, რასაც წინა კვლევაც მიუთითებს.
მართალია, ბიობანკის მონაცემები და თაგვებსა და მწერებზე ჩატარებული კვლევები კარგი დასაწყისია გენეტიკისა და სიგამხდრის საიდუმლოს ამოსახსნელად, მაგრამ მეცნიერებს გაცილებით მეტი მონაცემი სჭირდებათ, რათა საბოლოოდ ამოიხსნას, რა ხდება სინამდვილეში.
„ბიობანკებიდან ძალიან ბევრს ვსწავლობთ, მაგრამ იქ საბოლოო პასუხს ვერ იპოვი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლევებში საკმაოდ გამოსადეგია“, — ამბობს კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო გენეტიკოსი ჯოზეფ პენინგერი.
კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია sciencedaily-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.