ავსტრალიელ, ამერიკელ და კანადელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა მოიცავს დაკვირვებებს გარეულ რვაფეხებზე, რომლებიც საკუთარი სახეობის სხვა წევრებს ნიჟარებსა და ქვიშას ესვრიან; მკვლევრებს აინტერესებდათ, ასეთი უჩვეულო ქცევა მიზანმიმართული ანტისოციალური ქმედება იყო თუ გამვლელებს შემთხვევით ატყდებოდათ რისხვა თავს.
გაცხარებულ აყალმაყალში რვაფეხების მიერ ერთმანეთისთვის საგნების სროლა მეცნიერებმა პირველად 2015 წელს, ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან დააფიქსირეს, სადაც იმდენი სიდნეის რვაფეხა (Octopus tetricus) იყრის თავს, რომ მეცნიერებმა ამ რეგიონს „ოქტოპოლისი“ უწოდეს.
ახალ კვლევაში მათ ამჯერად განსაზღვრეს, რომ საგნების მსროლელები ძირითადად მდედრები არიან და სავარაუდოდ, სულ მცირე ზოგიერთ შემთხვევაში, ცდილობენ, თავი აარიდონ ზედმეტად მოსიყვარულე მამრებს.
„ჩვენი კვლევის ორ ადგილას, გარეული რვაფეხები საგნებს ხშირად ისვრიან. ჯერ ამ საგნებს აგროვებენ და საცეცებში იჭერენ, შემდეგ კი წნევით ტყორცნიან. დავაფიქსირეთ 90 ასეთი სროლა მდედრებისგან და 11 მამრებისგან, 8.9:1 პროპორციით“, — წერენ მკვლევრები.
ნაგავს და ნარჩენებს ერთმანეთს მრავალი ცხოველი ესვრის და ამის მრავალი მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება იყოს საფრთხე ან თავდაცვითი ქცევა ან რაღაც კავშირი ჰქონდეს მსხვერპლის დაჭერასთან. ასეთი ქცევა უმეტეს ცხოველში ფიქსირდება, მაგრამ საგნებს სხვა სახეობის წარმომადგენლებს ესვრიან და არა თავისას.
ამიტომ, იმის დასადგენად, თუ რატომ შეიძლება ესროდნენ რვაფეხები ერთმანეთს ნიჟარებს, შლამს და წყალმცენარეებს, მკვლევართა ჯგუფმა სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფილოსოფოსის, პიტერ გოდფრეი-სმიტის ხელმძღვანელობით, ამ ქმედებაზე დაკვირვება გადაწყვიტა.
მათ ადგილზე GoPro-ს კამერები დატოვეს და ასზე მეტი ასეთი შემთხვევა ჩაიწერეს. რვაფეხები საგნებს საცეცებში იჭერდნენ, შემდეგ სიფონებიდან წყლის ჭავლს ტყორცნიდნენ, რომელიც საგანს საკმაო მანძილზე ისროდა.
ჩანაწერების ანალიზისას, მკვლევრებმა სროლის ორი ძირითადი ტიპი შენიშნეს. პირველი დაკავშირებული იყო ადგილის მოვლასთან, რომელსაც არასასურველი ნაგვისა და საკვების ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ.
მეორე უფრო მიზანმიმართული ჩანდა. დადგინდა, რომ ეს რვაფეხები ძირითადად მდედრები იყვნენ და საგნებს სხვა რვაფეხებს მიზანმიმართული თავდასხმებისას ესროდნენ. საერთო ჯამში, ყველაზე ხშირი სასროლი ობიექტი ნიჟარები იყო, შემთხვევებიდან 55-ში.
მიზანმიმართული სროლების 33 პროცენტში ნასროლი საგანი სასურველ სამიზნეს მოხვდა და ამ დავალებისთვის საუკეთესო მასალა შლამი იყო. სამიზნეები იყვნენ ახლოს მყოფი მდედრები ან შეჯვარების მსურველი მამრები.
2016 წელს ჩაწერილ ერთ გამორჩეულ შემთხვევაში, მდედრმა რვაფეხამ მამრს საგანი ათჯერ ესროლა 3 საათისა და 40 წუთის განმავლობაში. საინტერესოა, რომ რვაფეხები, რომლებსაც ნასროლი საგანი მოხვდათ, შურისძიებას კი არ ცდილობდნენ, უფრო მის აცილებას.
ამ ქცევის კიდევ ერთი, ალბათ უფრო მეტად საკამათო ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ სროლები ყოველთვის მიზანმიმართული არ არის და იმედგაცრუების გამო ისტერიკის ერთ-ერთი ფორმა იყოს.
რამდენიმე ასეთი დრამატული ურთიერთობის შემდეგ, მკვლევრები დააკვირდნენ, რომ მდედრი საგნებს ისე ისროდა, რომ ისინი სულ არ ჩანდა სხვა რვაფეხასკენ მიმართული. გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ძნელია ცხოველთა განზრახვაში ჩაწვდომა, მით უმეტეს რვაფეხების, ზუსტი პასუხის დადგენა რთულია.
ნებისმიერ შემთხვევაში ჩანს, რომ საგნების სროლა გარკვეული სახის სოციალური ურთიერთობის როლს ასრულებს.