მეცნიერებმა ცაციობასთან დაკავშირებული გენები და თავის ტვინის უბნები იპოვეს - პირველად ისტორიაში
პირველად ისტორიაში, მკვლევრებმა გამოავლინეს სპეციფიკური გენების რეგიონები, რომლებსაც როგორც ჩანს, გარკვეული გავლენა აქვს ცაციობაზე. გარდა ამისა, მეცნიერებმა ასევე იპოვეს ტვინის სტრუქტურაში არსებული განსხვავებები იმ ადამიანებში, რომლებსაც ეს გენეტიკური ვარიაციები აქვთ.
ცნობილია, რომ ცაციობა დაახლოებით 25 პროცენტით არის დამოკიდებული დაბადებისას მიღებულ გენეტიკურ კოდზე, მაგრამ ამ დრომდე, მეცნიერები ვერ ახერხებდნენ ან გენომზე პასუხისმგებელი კონკრეტული უბნის იდენტიფიცირებას.
კვლევა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და მოიცავდა 400 000 ინდივიდის მონაცემს გაერთიანებული სამეფოს ბაზიდან. Შედეგად, მეცნიარებმა მიაგნეს ცაციობასთან დაკავშირებულ ოთხ გენეტიკურ რეგიონსა და სამ ისეთ რეგიონს, რომლებიც დაკავშირებულია თავის ტვინის სტრუქტურასა და განვითარებაში ჩართულ ცილებთან.
ეს ცილები დაკავშირებულია ციტოჩონჩხთან, უჯრედში არსებულ ერთგვარ ხარაჩოსთან, რომელიც პასუხისმგებელია მათ მშენებლობასა და ფუნქციასთან.
10 000 ადამიანის თავის ტვინის სკანირების მონაცემების შესწავლის შემდეგ, გენეტიკური ვარიაციები მკვლევრებმა დაუკავშირეს თავის ტვინის თეთრ ნივთიერების იმ სივრცეებს, რომლებიც ენის დამუშავებაზე პასუხისმგებელ უბნებს შორის არის მოქცეული. თეთრი ნივთიერების ეს ტრაქტები შეიცავს ტვინის ციტოჩონჩხს.
მკვლევარ აკირა ვიბერგის განცხადებით, ცაციობის ბიოლოგიურ საფუძველს მრავალი მკვლევარი სწავლობდა, თუმცა გაერთიანებული სამეფოს ბიობანკის ვრცელი მონაცემების გამოყენებით, მათ გაცილებით მეტი ნათელი მოჰფინეს ცაციობის გამომწვევ პროცესებს.
აღმოჩნდა, რომ ცაცია პაციენტების თავის ტვინში მარცხენა და მარჯვენა ნაწილებში არსებული ენის უბნები ერთმანეთს გაცილებით კოორდინირებულად ეკონტაქტება.
ვიბერგის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ცაციებს უპირატესობა აქვთ ვერბალურ ამოცანებსა და ენების ცოდნაში, თუმცა ამის საბოლოო მტკიცებულება ჯერ არ გვაქვს.
ადამიანები საკმაოდ უნიკალურები არიან ცხოველთა სამეფოში ცაციებსა და არაცაციებს შორის ასეთი დისბალანსის თვალსაზრისით; ცაციები ჩვენ შორის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ.
სხვა ცხოველებიდან ვიცით, რომ ციტოჩონჩხური განსხვავებები, მაგალითად ლოკოკინას ნიჟარის ხვიები შეიძლება ძალიანა ადრეული პერიოდიდან იყოს განპირობებული გენეტიკით. მკვლევართა თქმით, ცაციობის განვითარების შემდეგი ნიშნები შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოში, თუმცა, დაზუსტებით ამის თქმა ჯერ ძნელია.
მართალია, ჯერ ძალიან ადრეა ამ გენებსა და ცაციობას შორის არსებულ კავშირს საბოლოო ვუწოდოთ, მაგრამ მკვლევრებმა ამ ორს შორის წარმოაჩინეს აშკარა კავშირი, რაც შემდგომ კვლევებს საჭიროებს.
მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებმა ბოლოსდაბოლოს დაიწყეს იმ გენეტიკური კოდების გაშიფვრა, რომლებიც განაპირობებენ, თუ რომელი ხელი გახდება დომინანტი.
ამ ყველაფრის შემდეგ, საბოლოოდ შეიძლება გაქრეს მომაბეზრებელი შეხედულება, რომ თითქოს, ცაციობა გარკვეული უიღბლობა ან დარღვევაა.
მკვლევართა განცხადებით, ახალი კვლევის ფარგლებში მათ ნათლად აჩვენეს, რომ ცაციობა თავის ტვინის ბიოლოგიური განვითარების შედეგია, რასაც ნაწილობრივ მართავს მრავალი გენის კომპლექსური ურთიერთქმედება.
კვლევა ჟურნალ Brain-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ox.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.