მეცნიერებმა შექმნეს ტატუ, რომელიც სისხლში შაქრისა და სხვა ბიომარკერების ცვლილებისას ფერს იცვლის
მეცნიერებმა შექმნეს ტატუ, რომელიც სისხლში შაქრისა და სხვა ბიომარკერების ცვლილებისას ფერს იცვლის

გერმანელმა მეცნიერებმა შექმნეს ნამდვილი, კანქვეშა ტატუ, რომელიც ფერს იცვლის ორგანიზმში გლუკოზის, ალბუმინის (პლაზმის ცილა) და pH-ის ცვლილების საპასუხოდ.

ტატუები ჯერ ადამიანებზე არ შემოწმებულა, მაგრამ ღორის კანის ნაჭერზე ტესტირებისას, ფერს სხვადასხვა დიაპაზონში იცვლიდა, როცა მეცნიერები საკვანძო ბიომარკერთა კონცენტრაციას ცვლიდნენ.

ეს გახლავთ ამაღელვებელი პირველი ნაბიჯი, რომლის საშუალებითაც, უკვე რეალურმა ტატუებმა პაციენტებსა და ექიმებს შესაძლოა, ისეთი ქრონიკული დაავადებების რეალურ დროში მონიტორინგის საშუალება მისცეს, როგორებიცაა დიაბეტი და თირკმლის დაავადებები.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფმა ქიმიური ინჟინრის, ალი იეტისენის ხელმძღვანელობით, კონცენტრაციები უზუსტესად შეაფასა ტატუებისთვის სმარტფონით გადაღებული ფოტოების საშუალებით.

ეს ტექნოლოგია შეიძლება გარდამავალი აღმოჩნდეს პერსონალიზებულ მედიცინაში.

კანის ფენებში პიგმენტების შეყვანის გზით ტატუებს ადამიანები თითქმის 4000 წელია იკეთებენ.

მკვლევართა განცხადებით, ტატუს ხელოვნებისა და კოლორიმეტრიული ბიოსენსორების კომბინირების გზით შეიქმნა ფუნქციონალური კოსმეტიკური ტექნოლოგია. კანის ტატუ-სენსორებმა დიაგნოსტიკური როლი შეასრულეს — pH-ის, გლუკოზისა და ალბუმინის კონცენტრაციის ცვლილებასთან ერთად, მათ ფერი შეიცვალეს ხილულ სპექტრში.

ეს სამი ბიომარკერი შეარჩიეს იმიტომ, რომ ხშირად სწორედ ისინი მიუთითებს, რომ რაღაც წესრიგში ვერ არის. ალბუმინი სისხლის პლაზმის ცილაა; მისი დაბალი დონე შეიძლება თირკმლისა და ღვიძლის პრობლემების ნიშანი იყოს, მაღალი დონე კი გულის პრობლემების.

დიაბეტების მართვისთვის საჭიროა გლუკოზის დონის აქტიური მონიტორინგი; გლუკოზის დონე ორგანიზმის მიერ შაქრის მეტაბოლიზების უნარზე მიუთითებს. რაც შეეხება pH-ის დონეს სისხლში, მისი დაბალი მაჩვენებელი აციდოზის (ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის დარღვევა) ნიშანია, მაღალი კი ალკალოზის (ორგანიმზში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა).

მკვლევართა ჯგუფმა შექმნა სხვადასხვა ფერებში ცვალებადი საღებავი, რომელსაც შეუძლია შუალედური სითხეში დააფიქსიროს ცვლილება ნებისმიერ ამ ბიომარკერში. ეს სითხე კაპილარებიდან ჟონავს და ავსებს უჯრედებს შორის სივრცეს, ასევე გადააქვს ჟანგბადი და გლუკოზა.

ალბუმინის სენსორი ყვითელი საღებავია, რომელიც ალბუმინის არსებობის შემთხვევაში მწვანდება — რაც უფრო მეტია ეს ცილა, საღებავი მით უფრო მწვანე ხდება.

გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილების დროს, ყვითელი საღებავი მუქი მწვანე ხდება. რაც შეეხება pH-ის საღებავს, ამ უკანასკნელის დონის მომატების შემთხვევაში, ის ლურჯდება.

როცა ღორის კანის ნაჭრის შუალედურ სითხეში ამ ბიომარკერთა დონე შეიცვალა, შეიცვალა ტატუს ფერებიც. თუმცა, ეს ტექნოლოგია ადამიანებში გამოსაყენებლად ჯერ მზად არ არის.

მკვლევართა თქმით, შემდეგი ნაბიჯი ტატუების ცოცხალ ცხოველებზე გატესტვა იქნება, რათა გაირკვეს, იწვევს თუ არა საღებავები უარყოფით რეაქციებს.

მსგავსი ტექნოლოგია 2017 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმაც შექმნეს, მაგრამ ამ პროცესს საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა.

კვლევა ჟურნალ Angewandte Chemie International Edition-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.