მეცნიერები ფრინველის გრიპის ვაქცინებზე მუშაობენ, რათა პანდემიის შემთხვევაში, ისინი მზად იყოს — #1tvმეცნიერება
მეცნიერები ფრინველის გრიპის ვაქცინებზე მუშაობენ, რათა პანდემიის შემთხვევაში, ისინი მზად იყოს — #1tvმეცნიერება

აშშ-ში ფრინველის გრიპი გავრცელებას განაგრძობს და უკვე გამოჩნდა ცხოველიდან ადამიანზე გადადების პირველი შემთხვევებიც. ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ ვირუსმა შეიძლება ადამიანიდან-ადამიანზე გადადების უნარიც გამოიმუშაოს.

ამჟამად ასეთი შემთხვევის მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ახალ კვლევაში მიმოიხილეს, შემუშავების პროცესში მყოფმა რომელმა ვაქცინებმა შეიძლება დაგვიცვას ამ ვირუსისგან, თუკი ის ადამიანიდან-ადამიანზე გავრცელდება.

ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია წინა ცდების შედეგად დარჩენილი ასობით ათასი დოზა ვაქცინა, მაგრამ არსებობს კითხვები, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება ისინი ფრინველის გრიპის უახლესი შტამის წინააღმდეგ და რამდენად სწრაფად შევძლებთ წარმოების მასშტაბების ზრდას.

ჯორჯიის უნივერსიტეტის ვირუსოლოგებმა, ფლავიო ფაცინმა და დენიელ პერესმა შეისწავლეს ადამიანთა პანდემიისათვის მიმდინარე ამჟამინდელი ძალისხმევა, რაც მოიცავს ფრინველის გრიპის ვაქცინების ამჟამინდელ ვარიანტებს. შედეგად, გამოავლინეს რამდენიმე იმედისმომცემი ვარიანტი ვაქცინის განვითარებისთვის.

„ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინათა ლანდშაფტის ღრმა კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინაცია ამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ძირითად საშუალებად რჩება“, — ამბობს ფაცინი.

იქამდე, ვიდრე ფრინველის გრიპი ერთი ადამიანიდან პირდაპირ მეორეს გადაედება, ვაქცინების მასშტაბური წარმოება მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ მეცნიერები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა სახის თავდაცვითი პრეპარატის სრულყოფაზე, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მზად იქნება.

„ვაქცინების პლატფორმათა ფართო დიაპაზონის კვლევა და გამოყენება გადამწყვეტია პანდემიისადმი მზადყოფნის გასაძლიერებლად და ფრინველის გრიპის ვირუსების საფრთხის შესამცირებლად“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

ფაცინმა და პერესმა მიმოიხილეს ინაქტივირებული ვაქცინები, რომლებიც დამზადებულია იმ ვირუსის მკვდარი ვერსიისგან, რომლისგან თავის დასაცავადაც არის განკუთვნილი. ტესტებში, მათ შორის H5N1 ვირუსის მქონე თაგვებზე, მათ მაღალი დონის დაცვა აჩვენეს.

შემდეგი არის გრიპის ცოცხალი, შესუსტებული ვაქცინები, რომლებიც სხეულის მოსამზადებლად ვირუსის შესუსტებულ ფორმას იყენებს. როგორც წესი, ეს ვაქცინები უფრო ყოვლისმომცველ იმუნურ პასუხს წარმოქმნის; ამ შემთხვევაშიც, კვლევები იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს H5N1-ის წინააღმდეგ — მათ შორის, მაიმუნებზე ჩატარებული კვლევა.

ჯგუფმა ასევე მიმოიხილა ვაქცინების უფრო ახალი ტექნოლოგია, მათ შორის ვირუსის მსგავს ნაწილაკებზე (VLP) დამზადებული ვაქცინები, რომლებიც უსაფრთხოდ ახერხებენ ნამდვილი ვირუსის მიბაძვას; ასევე მესენჯერული რნმ ვაქცინები (mRNA), რომლებიც ინფორმაციული რნმ-ის ფრაგმენტებს იყენებენ, რათა უჯრედებს იმ ცილების წარმოქმნა აიძულონ, რომლებსაც ვირუსი იღებს მიზანში.

ადრეული შედეგები ამ შემთხვევებშიც საიმედოა და უკვე მიმდინარეობს შეზღუდული კლინიკური ცდები მოხალისე ადამიანებზე.

მიუხედავად იმისა, რომ თვითკმაყოფილების დრო არ არის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ფრინველის გრიპი H5N1 ინფიცირებულთა ნახევრისთვის ფატალურად სრულდება, ვაქცინების კვლევა ნამდვილად იმედისმომცემია. საჭიროების შემთხვევაში ამ ვაქცინათა გამოყენება მაინც მოითხოვს თანამშრომლობას მრავალ სხვადასხვა ქვეყანასა და სააგენტოს შორის, რის უზრუნველყოფაზეც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს.

„ფრინველის გრიპის ვირუსის H5N1, H7N9 და H9N2 ქვეტიპები ორმაგ საფრთხეს ფლობენ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მეფრინველეობის გლობალურ ინდუსტრიაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს იწვევენ, არამედ წარმოადგენენ მნიშვნელოვან საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის“, — ამბობს ფაცინი.

კვლევა Human Vaccines & Immunotherapeutics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.