მეცნიერები ჩერნობილის რადიოაქტიური ზონიდან გამოსულ მგელს აკვირდებიან
1986 წელს მომხდარმა ჩერნობილის ბირთვულმა კატასტროფამ ადგილობრივი ლანდშაფტი ძალიან ტოქსიკური გახადა. თუმცა, 30 წლის შემდეგ, უკვე შეინიშნება ბუნების აღდგენის მცირე ნიშნები. ერთ-ერთი ასეთი ბოლო მტკიცებულებაა პატარა მგელი, რომელიც ჩერნობილის აკრძალული ზონიდან საკმაოდ შორს გავიდა.
ეს ზონა 4300 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და დაბინძურების გამო, საცხოვრებლად დღემდე უვარგისად მიიჩნევა. მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანთა საქმიანობით ხელის შეშლის გარეშე, იქ მაინც ყვავის გარკვეული სახის ველური ბუნება.
ამჯერად, იქ ბინადარი ცხოველები უკვე ზონის ტერიტორიას აფართოებენ. მკვლევრებმა დააფიქსირეს ახალგაზრდა, მამრი რუხი მგელი, რომელმაც საკუთარი საცხოვრებლიდან 369 კილომეტრი გაიარა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეცნიერებმა დანამდვილებით იციან, რომ ზონის ბინადარმა ცხოველმა ამხელა მანძილი დაფარა. შესაძლოა, ეს ფაქტი იმის ნიშანიც იყოს, თუ რამხელაზე შეიძლება გავრცელდეს ეს პოპულაცია მომავალში, შესაბამისად, რამდენად შორს გავრცელდება ბირთვული რადიაციის შედეგად მუტაციაგანცდილი გენები.
„იმის ნაცვლად, რომ ეკოლოგიური შავი ხვრელი იყოს, სინამდვილეში შესაძლოა, ჩერნობილის აკრძალული ზონა ველური ბუნების წყაროს როლს ასრულებდეს რეგიონის სხვა პოპულაციათა დასახმარებლად“, — უთხრა Live Science-ს კოლუმბიის მისურის უნივერსიტეტის მკვლევარმა მაიკლ ბირნმა.
მისი თქმით, შეიძლება, ასე მხოლოდ მგლები არ იქცევიან და უპრიანია ვიფიქროთ, რომ მსგავსი ფაქტები სხვა ცხოველების შემთხვევაშიც ხდება.
მონაცემები 2 წლამდე ასაკის მგლის შესახებ 2015 წლის თებერვალში შეაგროვეს GPS საყელურის მეშვეობით, თუმცა, მისი ანალიზი მხოლოდ ახლახან დასრულდა.
მეცნიერებმა მგელს სპეციალური საყელური გაუკეთეს და შემდეგ კვლავ ველურ ბუნებაში გაუშვეს. ამის შემდეგ, აკვირდებოდნენ , როგორ გადაადგილდებოდა მგელი ძალიან შორს, უკრაინის მასშტაბით.
შორ მანძილზე გადაადგილება რუხი მგლისთვის სულაც არ არის უჩვეულო, მაგრამ ასეთი საქციელი ჯერ არ შეუნიშნავთ ჩერნობილის აკრძალულ ზონაში დაბადებულ მგლებში. ამავე კვლევის ფარგლებში, GPS საყელური ჩერნობილის ბინადარ კიდევ სხვა 13 მგელს გაუკეთეს, თუმცა ისინი მშობლიურ გარემოს არ გასცილებიან.
ჩერნობილის კატასტროფის ზოგადი ეფექტი ადგილობრივი ველური ბუნების პოპულაციაზე მეცნიერთათვის ჯერ ბოლომე უცნობია. როგორც კვლევებმა აჩვენა, ზოგიერთ ცხოველში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მუტაციათა მაჩვენებელი, იზრდება პოპულაციათა დონეც, მაგრამ ზოგადი სურათი მაინც ბუნდოვანი რჩება.
განსაკუთრებით გამრავლდნენ რუხი მგლები (Canis lupus). ზოგიერთი შეფასების მიხედვით, აკრძალულ ზონაში მათი პოპულაციის სიმკვრივე შვიდჯერ მაღალია, ვიდრე მის მიღმა, ბუნების ნაკრძალებში.
ახლა, როცა უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ აკრძალული ზონის ფარგლები სულ მცირე ერთმა მგელმა დატოვა, შესაძლებელია კვლევების დაწყება იქ ბინადარ ცხოველთა გადაადგილების შესახებ.
მსგავსი კვლევების შედეგად გაირკვევა არა მხოლოდ ის, თუ როგორ მოქმედებს ბირთვული გაჟონვა ველურ ბუნებაზე, არამედ ისიც, როგორ შეიძლება გავრცელდეს გენეტიკური მუტაციები ცხოველთა უფრო ფართო პოპულაციაში.
მაიკლ ბირნმა Live Science-ს დაუდასტურა, რომ მგლებს, რომლებსაც მისი ჯგუფი უთვალთვალებდა, ჰქონდათ ოთხი ფეხი, ორი თვალი, ერთი კუდი და არ იყვნენ კაშკაშა მწვანე. მაგრამ მეცნიერებს არ აქვთ რაიმე მონაცემები, რომლის საფუძველზეც გაირკვეოდა, რამდენად განსხვავდებიან გენეტიკურად ეს მგლები სხვა პოპულაციებისგან.
„ნამდვილად ღირს იმის კვლევა, ასრულებს თუ არა ჩერნობილის აკრძალული ზონა წყაროს როლს ველური ბუნების ზოგიერთი სახეობისთვის, ნაცვლად წინა შეხედულებისა, თითქოს ის სრულიად უდაბური იყოს“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ მგლების პოპულაციის სიმჭიდროვე განსაკუთრებით მაღალია ზონის მეზობელ ნაკრძალებში, მართებულია ვიფიქროთ, რომ ჩერნობილის აკრძალულ ზონაში დაბადებული მგლები რეგულარულად ერევიან ახლოს ბინადარ სხვა პოპულაციებს.
კვლევა European Journal of Wildlife Research-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Live Science-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.