მძევლების, სამართალდამცველების და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შსს მედიასაშუალებებს და მობილურ ოპერატორებს მოუწოდებს, ზუგდიდიდან ლაივ-სიგნალის გათიშვა-შეზღუდვა მოხდეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებს მოუწოდებს, ზუგდიდიდან, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, ლაივ-სიგნალის გათიშვა-შეზღუდვა მოხდეს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ ბრიფინგზე, სადაც ზუგდიდში მიმდინარე სპეციალური ღონისძიების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მძევლების, სამართალდამცველების და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე საპოლიციო ღონისძებების ეფექტიანად წარმართვისთვის ზუგდიდიდან ლაივ-სიგნალის გათიშვა უნდა მოხდეს.
„ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინებისთანავე დაიწყო გამოძიება და ტარდება გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები. შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტრურების მოქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას. აქედან გამომდინარე, ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალდამცველების და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე საპოლიციო ღონისძებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით მოხდეს ლაივ-სიგნალის გათიშვა-შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს ამის უზრუნველყოფა“, – განაცხადა საბანაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:21 საათზე შევიდა. ამ დროისთვის, თავდამსხმელს მძევლად 19 პირი ჰყავს აყვანილი.