მდინარე ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელი შენდება
მდინარე ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელი შენდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი
ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე მდ. ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის
სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

„საქართველოს მასშტაბით 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილია 31 ხიდის რეაბილიტაცია და 16 ახალი
ხიდის მშენებლობა. იმერეთის რეგიონში 2017 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 სახიდე
გადასასვლელს, დღეის მონაცემებით უკვე დასრულებულია 8 ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში. არსებული სახიდე გადასასვლელი ვერ უზრუნველყოფდა
მოძრაობის ორი ზოლის გატარებას, ბურჯები გამორეცხილი და გადახრილი იყო, ასევე დაკარგული
ქონდა საექსპლუატაციო ფუნქციები.

პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი 5 მალიანი, 172.5 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელი.
მოეწყობა ტესებრი რკინა-ბეტონის მილის ნაშენი კოჭები, ჰიდროიზოლაციის ფენა, ასფალტ-ბეტონის
საფარი. ასევე განხორციელდება რკინა-ბეტონის თვალამრიდების, ლითონის მოაჯირების, მონიშვნისა
და სარეგულაციო კედლების სამუშაოები“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ამ დროისათვის, ხიმინჯების დაბურღვისა და სარეგულაციო კედლების მოწყობის
სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთანავე,  პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პროექტირება-მშენებლობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 000 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოები 2017 წლის მარტში დაიწყო და 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ამ ეტაპზე, მშენებლობაზე დასაქმებულია 25 ადამიანი.