საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრზე, მდინარე ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული ხიდი, რომელიც პატარა ქანდასა და მუხრანთან ახლოს მდინარე ქსანზე მდებარეობდა, ავარიული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა დემონტაჟს.
პროექტის შესაბამისად, ახალი რკინა-ბეტონის ექვს მალიანი ხიდი შენდება. ხიდის მთლიანი სიგრძე 195 მ-მდე, ხოლო სიგანე 14 მეტრია. უწყება განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, სამუშაო ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტის ვადაზე ადრე, მიმდინარე წელსვე დასრულება იგეგმება.
ამასთან, დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ქსანზე ახალი ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება და ორივე მიმართულებით უსაფრთხო და კომფორტულ ცალმხრივ მოძრაობას უზრუნველყოფს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 145 905 ლარია.