ევროკავშირმა ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობაში მონაწილე რუსული კომპანიებს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობაში მონაწილე რუსული კომპანიებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ექვსი რუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ძირითადად საუბარია იმ ფირმებზე, რომლებიც ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობაში არიან ჩართულები.

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს „გიპროსტროიმოსტის ინსტიტუტი“, „მოსტოტრესტი“. „სტროიგაზმონტაჟი“, „სტროიგაზმონტაჟ- მოსტი“. ყველა ეს კომპანია რუს ბიზნესმენ და პუტინის მოკავშირე არკადი როტენბერგს ეკუთვნის.

ამავე დროს გემთმშენებელი ქარხანა „ზალივის“ წინააღმდეგ სანქციები ქერჩის სრუტეზე აშენებულ ხიდზე სარკინიგზო ხაზის მშენებლობის გამო შეიყვანეს. ამავე მიზეზით, ე.წ. შავ სიაში მოხვდა კომპანია „ვადი“, რომელიც ყირიმში ავტომაგისტრალის მშენებლობაში მონაწილეობდა.

„ყველა ეს კომპანია მხარს უჭერს ანექსირებული ყირიმისა და რუსეთის ფედერაციის დაკავშირებას, რაც კიდევ ერთხელ ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას“, – აცხადებენ ევროკავშირში.

ახალი სანქციები ძალაში 31 ივლისიდან შედის. მათ შორის ეს ითვალისწინებს აღნიშნული კომპანიების ფინანსური აქტივების გაყინვას. ევროკავშირში რეგისტრირებული ფიზიკური პირები და ორგანიზაციები ამ კომპანიებს ფულს ვერ გადაურიცხავენ.

ამჟამად ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი აქვს დაწესებული. ეს ზომები ევროკავშირმა ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში მიიღო და მათი მოქმედების ვადა 2019 წლის 31 იანვარს იწურება. ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში ამ დროისთვის 1665 ფიზიკური პირი და 44 ორგანიზაცია შედის.