მცხეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ 87 წლის პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა
მცხეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ 87 წლის პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 87 წლის პაციენტი მცხეთის ცხელების ცენტრში 29 ივლისიდან მკურნალობდა.

როგორც წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, პაციენტს თანმხლები ქრონიკული პათოლოგიები აღენიშნებოდა.

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა 29 ივლისიდან დიაგნოზებით: კოვიდვირუსული ინფექცია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია. ქალბატონს აღენიშნებოდა თანმხლები ქრონიკული პათოლოგიები: გულის ქრონიკული უკმარისობა, მოციმციმე არითმია, შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა სარქვლოვანი პათოლოგია. პაციენტი მკურნალობის განმავლობაში იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მკურნალობის განმავლობაში უტარდებოდა სათანადო კვლევები და კონსულტაციები, თუმცა დინამიკაში ავადმყოფს აღენიშნა მარჯვენა ბარძაყის არტერიის ანევრიზმის სტრუქტურა. ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა. პოსტოპერაციულად პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა, თავისი ქრონიკული დაავადებებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, დღეს დილით ქალბატონი გარდაიცვალა. პაციენტი გადმოყვანილ იქნა რუსთავის სამედიცინო ცენტრიდან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პაციენტის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის. პაციენტი ჩვენს კლინიკაში მოთავსდა 29 ივლისს და დღეს დილით, 25-ე დღეს გარდაიცვალა“, – განაცხადა მცხეთის სამედიცინო ცენტრის ექიმმა-რეანიმატოლოგმა ივანე ჯავახიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი დღეს გარდაიცვალა.