მცხეთის რაიონული სასამართლო - ზაზა ოქუაშვილის მიერ კონკრეტულ სასამართლო დავაზე არასწორი ინტერპრეტაციით მცდარი ინფორმაცია გავრცელდა
მცხეთის რაიონული სასამართლო - ზაზა ოქუაშვილის მიერ კონკრეტულ სასამართლო დავაზე არასწორი ინტერპრეტაციით მცდარი ინფორმაცია გავრცელდა

მცხეთის რაიონული სასამართლო 21 ნოემბერს ზაზა ოქუაშვილის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელდა არასწორი ინტერპრეტაციით მცდარი ინფორმაცია კონკრეტულ სასამართლო დავასთან მიმართებაში.

„2018 წლის 24 ოქტომბერს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა ადმინისტრაციული საქმის განხილვა და დააკმაყოფილა მოსარჩელე „ელაიდ გლობალო ტობაკო ლიმიტიდ“-ის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტი ,,საქპატენტის“ მიმართ.

დავა ფულად ანაზღაურებას არ შეეხებოდა და სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ საქპატენტის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია წარმოადგენდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქპატენტის გადაწყვეტილება „ელაიდ გლობალო ტობაკო ლიმიტიდ“-ის გამოგონების გაუქმების თაობაზე, მისი ძალაში შესვლის დღიდან.

აღნიშნული სარჩელი თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა, თუმცა შემდგომ საქმე განსჯადობით მცხეთის რაიონულ სასამართლოს გადაეცა, ვინაიდან მოპასუხე „საქპატენტი“ მდებარეობს მცხეთაში. საქმეზე სასამართლო წარმოება დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა(და არა 2 წელიწადნახევარი, როგორც ამას განმცხადებელი აღნიშნავდა), რაც გამოწვეული იყო მცხეთის რაიონულ სასამართლოში არსებული საქმეთა გადატვირთულობით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 14 ნოემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში შემოსულ იქნა საქპატენტის სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული“,- აღნიშნულია მცხეთის სასამართლოს განცხადებაში.