მცხეთის კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ მე-17 პაციენტს, 79 წლის ქალს თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა
კორონავირუსით გარდაცვლილ მე-17 პაციენტს, 79 წლის ქალს თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და ის მცხეთის კლინიკაში მკურნალობდა. გარდაცვლილი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან იყო. როგორც მცხეთის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა, პაციენტი 13 ივნისიდან მკურნალობდა მცხეთის ჰოსპიტალში. პაციენტს რამდენჯერმე გულის რიტმიც გაუჩერდა.
მცხეთის სამედიცინო ჰოსპიტალში განმარტავენ, რომ 79 წლის ქალი რამდენიმე კვირა კრიტიკულად მძიმე იყო.
„გარდაიცვალა 79 წლის ქალი, რომელიც ჩვენს კლინიკაში 13 ივნისიდან მკურნალობდა. შემოსვლის დღიდან იყო მძიმე, კრიტიკული პაციენტი. ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები. გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, რითმის დარღვევა, თირკმელების უკმარისობა. დინამიკაში მდგომარეობა რჩებოდა კრიტიკულად მძიმე. რამდენჯერმე იყო გულის გაჩერების ეპიზოდი, რომლის აღდგენაც მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ პაციენტი გარდაიცვალა“,- განაცხადა მცხეთის კლინიკის დირექტორმა ლიკა მუმლაძემ.
საქართველოში მე-17 პაციენტი დღეს საღამოს გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 929-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.