მცხეთის კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ 72 წლის მამაკაცს თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი მცხეთის კლინიკაში 16 ივლისიდან მკურნალობდა.
კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, პაციენტს დაავადება 15 ივლისს დაუდასტურდა და ის მცხეთის კლინიკაში ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოდან გადაიყვანეს.
ლიკა მუმლაძე ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა შეყვანისას მძიმე იყო და დინამიკაში გაუარესდა. ამასთან, მუმლაძის ინფორმაციით, გარდაცვლილს თანხმლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
„გარდაცვალების მიზეზი გახდა კორონავირუსული ინფექცია, დაავადება, რომელიც პაციენტს 15 ივლისს დაუდასტურდა. ჩვენთან გადმოიყვანეს 16 ივლისს, გამთენიისას, ინგოროყვას კლინიკიდან, სადაც ის იტარებდა გეგმურ ჰემოდიალიზს. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისას იყო მძიმე, საყურადღებო, დინამიკაში გაუარესდა.
ჰქონდა ქრონიკული დაავადებები – თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ტერმინალური სტადია, 3-4 წლის განმავლობაში იტარებდა ჰემოდიალიზის სეანსებს, ანუ პაციენტი თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე იმყოფებოდა. ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, რევმატოიდული ართრიტი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. რა თქმა უნდა, პროგნოზულად ეს პაციენტი იყო მძიმე. ზოგადად, თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტების მართვა რთულია“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.
ლიკა მუმლაძის ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია.
„როგორც ვიცი, ჯერჯერობით ამ პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის, დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს“, – აღნიშნა ლიკა მუმლაძემ.
საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა.