მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა შაბათ-კვირასაც შეეძლებათ
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, შაბათ-კვირასაც, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ.
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“ ვაქცინით უსაფრთხო გარემოში იცრება.
მათივე ცნობით, მოქალაქეებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამი ამცრელი ბრიგადა ემსახურება. სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიშოკური და ანტიალერგიული პრეპარატებით. ადგილზე ფუნქციონირებს შოკის დარბაზიც.
„აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის პროცესში, სხვადასხვა მიმართულებით (თერმოსკრინინგი, რეგისტრაცია, რიგის მართვა და სხვ.) ასევე, აქტიურად არიან ჩართული საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებიც.
შეგახსენებთ, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ სპორტულ კომპლექსში (ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა N9) მცხეთის სამედიცინო ცენტრის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით, 12 აგვისტოს გაიხსნა“, – აღნიშნულია მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.