მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებისთვის სექტემბერში გრანტების ახალი პროგრამა დაიწყება
მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებისთვის სექტემბერში გრანტების ახალი პროგრამა დაიწყება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც რუსული ავიასანქციების შედეგად დაზარალებულ ტურისტულ სექტორს დაეხმარება.
რაც შეეხება ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს, საუბარია მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებაზე, ტურისტული სექტორისთვის საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამუშავებაზე , ასევე მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსებაზე.
„გვაქვს მიმდინარე კონტრაქტი „სიენენთან“, „ბულმბერგთან“, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“, სადაც ხდება საქართველოს, როგორც უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაცია. ასევე დავაკორექტირეთ მარკეტინგის გეგმა და დამატებითი ზომები, კონკრეტული კამპანია დავგეგმეთ ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში, საუდის არაბეთში. ეს ის ქვეყნებია, სადაც სწრაფად შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.