მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალი რეფორმა იგეგმება
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალი რეფორმა იგეგმება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის და მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივები განიხილეს.

შეხვედრაში თურქეთის დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს საბანკო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტი თურქეთის საკრედიტო საგარანტიო ფონდის მექანიზმებზე გაკეთდა.

„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და აღნიშნული სეგმენტისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, ჩვენ კიდევ ერთი ახალი რეფორმის დაწყება გვსურს. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი, რომელზეც დღეს ვსაუბრობდით, თავისი შინაარსით არის საგარანტიო ფონდი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორად გამოდის. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საკრედიტო საგარანტიო ფონდების საშუალებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომა მნიშვნელოვნად მარტივდება.