მავალმა Curiosity-მ მარსზე ყვავილის მსგავსი უცნაური წარმონაქმნი გადაიღო — #1tvმეცნიერება
მავალმა Curiosity-მ მარსზე ყვავილის მსგავსი უცნაური წარმონაქმნი გადაიღო — #1tvმეცნიერება

NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსის ზედაპირზე რაღაც საკმაოდ უცნაურ ობიექტს გადაუღო ფოტო. მიუხედავად იმისა, რომ ის ციცქნა ყვავილს ან გარკვეული ტიპის ორგანულ წარმონაქმნს ჰგავს, მავალის ჯგუფი ადასტურებს, რომ ეს ობიექტი მინერალური წარმონაქმნია, დელიკატური სტრუქტურები წყლისგან დალექილი მინერალებით არის წარმოქმნილი.

ამ სახის წარმონაქმნები Curiosity-ს აქამდეც გადაუღია და მათ დიაგენეტიკურ კრისტალურ კლასტერებს უწოდებენ. დიაგენეტიკა ნიშნავს მინერალების რეკომბინაციას ან გადაჯგუფებას; ეს წარმონაქმნები შედგება სამგანზომილებიანი კრისტალური კლასტერებისგან და სავარაუდოდ წარმოქმნილია მინერალების კომბინაციით.

Curiosity-ს პროექტის მეცნიერის, აბიგაილ ფრიმენის განცხადებით, ასეთი სტრუქტურები წარსულშიც არის დაფიქსირებული და შედგებოდა მარილების, სახელად სულფატებისგან.

მარსზე ნაპოვნი ამ სახის წარმონაქმნების კვლევების შედეგად ირკვევა, რომ თავდაპირველად ისინი ქვებში იყო ჩაჭედილი, რომლებმა დროთა განმავლობაში ეროზია განიცადეს. როგორც ჩანს, ეს მინერალური კლასტერები ისინი ეროზიისადმი რეზისტენტული აღმოჩნდა.

ამ წარმონაქმნების კიდევ ერთი სახელია კონკრემენტი, რომლებიც შეიძლება მავალ Opportunity-სგან გახსოვდეთ. მის მიერ ნაპოვნ ასეთ ობიექტებს „მოცვი“ უწოდეს, რადგან ისინი მრგვალები იყო. მრგვალ კონკრემენტებს ამ ფოტოზე ყვავილის მსგავსი წარმონაქმნის გვერდით ხედავთ.

ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ წარმონაქმნის 3D მოდელიც.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.