მავალმა Curiosity-მ მარსზე უძველესი ტბის მიერ დატოვებულ ტალღოვან ქანებს მიაგნო — #1tvმეცნიერება
11:17, 09.02.2023
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე ტალღოვანი ქანები აღმოაჩინა, რაც მიუთითებს, რომ ერთ დროს, ამ რეგიონში ტბა იდგა. აქამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ იქ ტბა არასოდეს ყოფილა.
„ეს წყლისა და ტალღების არსებობის საუკეთესო მტკიცებულებაა, რაც კი მთლიანი მისიის განმავლობაში გვინახავს“, — ამბობს Curiosity-ს პროექტის მეცნიერი აშუინ ვასავადა.
მავალმა, რომელიც მარსს 2012 წლიდან იკვლევს, მილიარდობით წლის წინ არსებული თავთხელი ტბის ტალღების მიერ ზედაპირზე წარმოქმნილ ტალღოვან მახასიათებლებს ფოტოები გადაუღო.
Curiosity-ს აქამდეც ჰქონდა ნაპოვნი იმის მტკიცებულება, რომ წითელ პლანეტას ერთ დროს ტბები ფარავდა. ამას მან ტბის დაშრობისას დარჩენილ მინერალებში მიაგნო.
თუმცა, NASA-ს მეცნიერები გაოცებული დარჩნენ, როდესაც მავალმა წყლის ასეთ აშკარა მტკიცებულებას გეილის კრატერში მიაგნო.
„მისიის განმავლობაში ტბის მრავალი დეპოზიტი ვიპოვეთ, მაგრამ აქამდე ასე მკაფიოდ არასოდეს გვენახა ტალღოვანი ჭავლები. განსაკუთრებით მოულოდნელია იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ალბათობით, ეს ზონა მაშინ არის ჩამოყალიბებული, როდესაც მარსი უკვე საკმაოდ მშრალი იყო“, — ამბობს ვასავადა.
Curiosity ამჟამად ხუთი კილომეტრის სიმაღლის შარპის მთის მთისწინეთს იკვლევს.
NASA-ს განცხადებით, მავალმა ასევე შენიშნა ნაშალი მასალა ხეობაში, რომელშიც ერთ დროს შარპის მთიდან ნოტიო მეწყერი ჩამოწოლილა.
„მეწყრის ეს ნაშალი მასალა ალბათ წყლის ყველაზე ბოლო მტკიცებულებაა, რაც კი აქამდე მარსზე გვინახავს. ის საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ შარპის მთის მაღალი შრეები, რომლებსაც უბრალოდ ვერ მივწვდებოდით“, — წერია NASA-ს განცხადებაში.
NASA-ს განცხადებით, შარპის მთა მეცნიერებს მარსის ერთგვარ ქრონოლოგიას სთავაზობს; ყველაზე ძველი შრეები მის ფსკერზეა, ახლები კი წვერზე.
ეს კი მათ საშუალებას აძლევს, რომ შეისწავლონ, როგორ გადაიქცა ერთ დროს დედამიწის მსგავსი პლანეტა, თბილი კლიმატითა და წყლით სავსე, იმ მშრალ და ცივ უდაბნოდ, როგორიც დღეს არის.
2021 წლის თებერვალში მარსზე NASA-ს ახალი მავალი, „პერსევერანსი“ დაჯდა, რომელიც იქ უძველესი შესაძლო მიკრობული სიცოცხლის ნიშნებს ეძებს.