ფრანგი ვარსკვლავი მათიო ბასტარო სათამაშოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში გადავა.
30 წლის შუამარბი „ტულონს“ „ტოპ 14“-ის სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს, აშშ-ში ერთ წელს გაატარებს, შემდეგ კი კვლავ საფრანგეთს დაუბრუნდება.
„გადავწყვიტე მსოფლიო თასის შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდე. ცვლილება მჭირდება. ჩემი ოჯახისა და ცხოვრებისეული გამოცდილების კუთხით, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ბასტარომ „კანალ პლუსთან“ (Canal +) საუბრისას.
ხელშეკრულება „ტულონის“ მფლობელ მურად ბუჯელალსა და ნიუ-იორკის ფრანგ მფლობელ პიერ არნალდს შორის უკვე გაფორმებულია.
ბასტარო ერთ-ერთია იმ ვარსკვლავთაგან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრძელებს კარიერას. მას შემოთავაზება „ზე რაგბის“ სამხრეთაფრიკული გუნდისგანაც („შარქსი“) ჰქონდა.
120-კილოგრამიანი შუამარბი „ტულონში“ 2011 წლიდან თამაშობს.