მატეუშ მორავიეცკი - საქართველოს მთავრობას შევთავაზეთ სააკაშვილის პოლონეთში მკურნალობა, თუ საქართველოს სურს, ჰქონდეს დადებითი პასუხის იმედი ევროპულ მისწრაფებებზე, მიმართვას სერიოზულად უნდა მიუდგეს
ვარშავა საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანას სთავაზობს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მორავიეცკიმ აღნიშნა, ამ საკითხზე არაერთი ქვეყნის ლიდერს ესაუბრა.
„პოლონეთმა შესთავაზა საქართველოს მთავრობას – და მე ამის შესახებ ბევრ პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე – რომ მიხეილ სააკაშვილმა შეძლოს პოლონეთში მკურნალობა. ჩვენ, უბრალოდ, გვეშინია, რომ საქართველოში მას შეიძლება, ყველაფერი უარესი დაემართოს. თუ საქართველოს სურს, ჰქონდეს დადებითი პასუხის იმედი თავის ევროპულ მისწრაფებებზე, მაშინ ის სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ მიმართვას, რომელსაც საგარეო სამსახურები უკვე აყალიბებენ“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.