მატეუშ მორავიეცკი - პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლების მიმართ ქმედება გვიჩვენებს, რომ ძალები, რომლებიც თითქოს ზრუნავენ კანონის უზენაესობაზე, ყოველ ნაბიჯზე არღვევენ მას, ჩვენ არ დავუშვებთ დიქტატურას
კულტურის სამინისტროს არაკანონიერი ქმედება პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოს და საინფორმაციო სააგენტო PAP-თან მიმართებაში გვიჩვენებს, რომ ძალები, რომლებიც თითქოს ზრუნავენ კანონის უზენაესობაზე, ყოველ ნაბიჯზე არღვევენ მას, – ამის შესახებ პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი სოციალურ ქსელში წერს.
„ისინი ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც მმართველობაში არიან. ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ არ დავუშვებთ პოლონეთში დიქტატურის მშენებლობას“, – წერს მატეუშ მორავიეცკი.
პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს, PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა.
ამასთან, გაითიშა 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP INFO, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა.