მატეუშ მორავიეცკი - პოლონეთი გააგრძელებს გერმანიისგან რეპარაციების გადახდის მოთხოვნას
პოლონეთი გააგრძელებს გერმანიისგან რეპარაციების გადახდის მოთხოვნას, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ქალაქ ველიუნში ვიზიტისას მეორე მსოფლიო ომის 84-ე წლისთავთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მორავიეცკის თქმით, რეპარაციები აუცილებელია იმისთვის, რომ „ისტორიის ეს ფურცელი დაიხუროს“.
„დღეს სწორედ ამიტომ ვართ აქ, რათა მოვითხოვოთ სამართლიანობა და რეპარაციები. პოლონეთი და გერმანია დღეს პარტნიორები არიან ევროკავშირში, მაგრამ იმისთვის, რომ მათ მომავალში ერთად ნორმალურად იმოქმედონ, უნდა დახურონ მსოფლიო ომის ეს შავი ფურცელი“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ არ დამშვიდდება, „ვიდრე ეს მტკივნეული ჭრილობა ნაწილობრივ მაინც არ შეხორცდება“.