მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ უკრაინაში სამშვიდობო მისიის იდეას სულ უფრო მეტი ქვეყანა უჭერს მხარს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო მისიის იდეას სულ უფრო მეტი ქვეყანა უჭერს მხარს.
ამის შესახებ უკრაინული მედია პოლონურ გამოცემა RMF24-ზე დაყრდნობით იუწყება.
„მედიაში წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაციიდან უკვე ვიცით, რომ დანიიდან და ლიეტუვადან დადებითი გამოხმაურება იყო. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ სხვა წევრმა-სახელმწიფოებმაც გამოხატეს მოწონება, მაგრამ ისინი ასევე ელიან გარკვეულ მხარდაჭერას და „საერთო ხმას“ ნატო-სგან. ჩვენ ასევე ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ეს ნატო-ს მისია უნდა იყოს. მათთვის, ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი და იყვნენ ასეთები ევროპული საბჭოს დარბაზში, მინდა წარმოიდგინონ, რომ მთელი უკრაინა მარიუპოლი, დაბომბილი ადგილი ხდება, საიდანაც ხალხი გარბის“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
მისივე თქმით, სახელმწიფოებს „ათობით მილიონი ლტოლვილის“ მიღება მოუწევთ.
„მე ვფიქრობ, რომ დღეს პუტინისა და რუსების, რუსი ჯარისკაცების ბარბაროსული საქციელის შემხედვარე, ჩვენ შეგვიძლია, ყველაზე ცუდი სცენარი წარმოვიდგინოთ. სამწუხაროდ, უარესი სცენარები წარმომიდგენია, ამიტომ, ამ კონცეფციის პრეზენტაცია სულ უფრო და უფრო ნაყოფიერ ნიადაგს პოულობს“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მანამდე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში სამშვიდობო მისიის შესაძლებლობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ალიანსი ამ ქვეყანაში ჯარების გაგზავნას არ აპირებს.