ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურმა ბულგარელი ტურისტი გადაარჩინა, – ამის შესახებ ინფორმაციას „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოში სასრიალოდ ჩამოსული ბულგარელი ტურისტები სათხილამურო გზიდან აკრძალულ ტერიტორიაზე, კობის მიმართულებით, თვითნებურად გადავიდნენ.
„მთიდან ზვავის უეცარმა მოწყვეტამ ტურისტი თოვლში ჩაითრია. მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურმა შემთხვევა მაშინვე შენიშნა და ტურისტს დახმარება ოპერატიულად გაუწია. ადგილზე დათვალიერებით მას არანაირი ტრავმა არ აღენიშნება, უსაფრთხების მიზნით, ტურისტი გადაყვანილია გუდაურის პირველადი დახმარების ცენტრ „ემერჯენსში“.
ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გაუკვალავ თოვლში გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე. „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოთხილამურეებს მოგიწოდებთ უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ და გაფრთხილებთ, დაემორჩილეთ, სათხილამურო კურორტებზე ადმინისტრაციის წესებსა და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს. აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილის დაცვა“, – აღნიშნულია „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციაში.