მარტვილში, კურორტ ლებარდემდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პირველი ეტაპის სამუშაოები გზის ექვს კილომეტრიანი მონაკვეთის დაგებას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტალერი-ლებარდეს საავტომობილო გზის მშენებლობა ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებასთან ერთად ითვალისწინებს რკინა-ბეტონის კიუვეტების, რკინა-ბეტონის მილების, გაბიონების, არხების, მიერთებების და ეზოების შესასვლელების მოწყობას.
პროექტის ღირებულება 3 600 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.
ტალერი-ლებარდეს გზის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.