მარტვილის საბავშვო ბაღში მოწამლულ აღსაზრდელთაგან ორი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება
მარტვილის რაიონულ საავადმყოფოში ამ დროისთვის ნომერ მეორე საბავშვო ბაღიდან გადაყვანილი ორი არასრულწლოვანი რჩება.
როგორც მარტვილის საავადმყოფოს ექიმ-პედიატრმა, გიგა გაბუნიამ განუცხადა, ორი ბავშვის საავადმყოფოში ამ დრომდე დატოვების მიზეზი ადრე გადატანილი ინფექციური დაავადება გახდა.
მარტვილის მეორე საბავშვო ბაღში ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. ასევე, დაასრულეს მუშაობა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა. მათ ბათუმის ლაბორატორიაში გაგზავნეს სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი.
გუშინ მარტვილის რაიონულ საავადმყოფოსა და კლინიკა „მკურნალში“ ინტოქსიკაციის ნიშნებით მარტვილის ნომერ მეორე საბავშვო ბაღიდან სამიდან ხუთ წლამდე ასაკის 19 ბავშვი გადაიყვანეს. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ სტაციონარში მხოლოდ ორი ბავშვი დარჩა.
მარტვილის მეორე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.