მარტვილის N2 საბავშვო ბაღში წყალსა და რძის პროდუქტებში მიკრობიოლოგიური დარღვევა აღმოჩნდა
მარტვილის N2 საბავშვო ბაღში წყალში, ყველსა და რძის პროდუქტებში მიკრობიოლოგიური დარღვევა აღმოჩნდა. ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„წყლის შემთხვევაში დაფიქსირდა წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამობა, კონკრეტულად მიკრობიოლოგოური დარღვევა. ასევე დაფიქსირდა მიკრობიოლოგიური დარღვევები ყველში, რძის პროდუქტებში, – აცხადებს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა შველიძე.
მისი განმარტებით, რეაგირების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია წყალში არსებული დარღვევების შესახებ უკვე მიაწოდა, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე წყალმომარაგების კომპანიას.
ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სურსათის ეროვნული სააგენტო შემოწმების ჩატარებას ბაღისთვის სურსათის მიმწოდებელ კომპანიაშიც გეგმავს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში მარტვილის N2 ბაღში ბავშვების ინტოკსიკაციასთან დაკავშირებით შეტყობინება 30 სექტემბერს შევიდა, რის შემდეგაც სააგენტოს რეგიონული ინსპექტირების ჯგუფებმა ადგილზე არაგეგმური შემოწმება ჩაატარეს. აიღეს ლაბორატორიული სინჯებიც.
30 სექტემბერს მარტვილის რაიონულ საავადმყოფოსა და კლინიკა „მკურნალში“ ინტოქსიკაციის ნიშნებით მარტვილის მე-2 საბავშვო ბაღიდან სამიდან ხუთ წლამდე ასაკის 19 ბავშვი გადაიყვანეს.