მარტვილის მუნიციპალიტეტში კურორტ ლებარდეს განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა
მარტვილის მუნიციპალიტეტში კურორტ ლებარდეს განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კურორტ ლებარდესთვის, განაშენიანების გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.

გადაწყვეტილების უზრუნველყოფა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა, დოკუმენტაციას კი საპროექტო ჯგუფი შპს „ბაუ დიზაინი“ ამუშავებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის გაერთიანებული საჯარო განხილვა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში გაიმართა, სადაც საზოგადოება გაეცნო, როგორც ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის ამ ეტაპამდე შესრულებულ სამუშაოს, ისე – სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივებთან ერთად განხილვას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელოში ალექსანდრე მოწერელია და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებში კურორტის განაშენიანების დაგეგმვა და განვითარება პარალელურად მოხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში დეტალურად აისახება ის უნიკალური პოტენციალი, რომელიც ლებარდეს აქვს, როგორც მთის კლიმატურ- ბალნეოლოგიურ კურორტს,“ – აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

მისივე თქმით, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გეგმების შემუშავება აუცილებელია ყველა ტიპის დასახლებისა და პირველ რიგში, კურორტებისთვის, რათა არ მოხდეს ქაოტური, უსისტემო განაშენიანება, შენარჩუნდეს ისტორიული იერ-სახე, მოწესრიგდეს სატრანსპორტო ქსელი და სხვა სახის ინფრასტრუქტურა.

„ახლო მომავალში საშუალება გვექნება პროექტი წარვუდგინოთ ბიზნესს, საიდანაც დიდი დაინტერესებას ველით, რაც საშუალებას მოგვცემს განვაახლოთ ინფრასტრუქტურა და ლებარდე მიზიდულობის ცენტრი გავხადოთ არამარტო ადგილობრივი, არამედ – საერთაშორისო ვიზიტორებისთვისაც,“ – თქვა სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელოში ალექსანდრე მოწერელიამ.