მართლწესრიგის ოფიცრებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებისთვის „ტექნოპარკში“, თემაზე – „თანამედროვე პოლიცია და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები“ სწავლება გაიმართა.
სწავლებაში მართლწესრიგის 15 ოფიცერი მონაწილეობდა.
შსს-ის ინფორმაციით, სწავლების მიზანი მართლწესრიგის ოფიცრების კიბერდანაშაულის მიმართულებით ონლაინ-კრიმინალთან საბრძოლველად შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო ისეთ საკითხებთან გაცნობით, როგორიცაა კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები, საკომუნიკაციო არხების, სოციალური ქსელების უსაფრთხოება, მობილური და კომპიუტერული ტექნოლოგიების დაცვა, ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა, ჰაკერებისა და თაღლითებისგან დაცვის ზომები და სხვა საკითხები.
მართლწესრიგის ოფიცრების მოსახლეობასთან კომუნიკაცია ასევე მოიცავს მოსახლეობის ინფორმირებას კიბერსაფრთხეების შესახებ და ოფიცრებთან მჭიდრო თანამშრომლობით ასეთი პრობლემების დროულ იდენტიფიცირებას, რეაგირებასა და დანაშაულის პრევენციას.
სამინისტრო განმარტავს, რომ ოფიცრების მუშაობაში პრიორიტეტული მიმართულებაა მოზარდების კიბერბულინგისაგან დაცვისა და პირადი ცხოვრების დაცვის საკითხი. მართლწესრიგის ოფიცრები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიასთან იმუშავებენ მათი ინფორმირების ამაღლებისათვის, საჭიროების შემთხვევაში კი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზომების მიღებაზე მშობლებსაც მისცემენ რეკომენდაციას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის სწავლებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.