მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობას აღნიშნავს

დღეს ბარბარობაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.

სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ქალწულმოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოკვეთა.

წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. ბარბარობის დღესასწაულზე ტაძრებში საზიარებლად განსაკუთრებით ბევრი პატარა მიჰყავთ.