იმისათვის, რათა შეამციროთ ჯდომის საზიანო ეფექტები ჯანმრთელობაზე, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, 5 წუთის განმავლობაში მსუბუქად გაიარ-გამოიარეთ. ასეთია კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მთავარი შედეგი.
მკვლევრებმა შუახნის ასაკის და ხანდაზმულ 11 ადამიანს ლაბორატორიაში რვა საათის განმავლობაში ჯდომა სთხოვეს, სტანდარტული სამუშაო დღის მსგავსად, კვირაში ხუთი დღის განმავლობაში. ამ ხუთიდან ერთ დღეს, მონაწილეები მთელი რვა საათის განმავლობაში ისხდნენ, გადიოდნენ მხოლოდ საპირფარეშოში.
დანარჩენ დღეებში, ჯდომის დარღვევისთვის მსუბუქი გავლა-გამოვლის რამდენიმე სხვადასხვა სტრატეგია შეამოწმეს. მაგალითად, ერთ დღეს მონაწილეები ყოველ ნახევარ საათში ერთი წუთის განმავლობაში დადიოდნენ, მეორე დღეს კი ყოველ საათში ხუთ წუთს.
მათი მიზანი იყო სიარულის იმ მინიმალური რაოდენობის დადგენა, რასაც ჯანმრთელობაზე ჯდომის საზიანო ეფექტების კომპენსირება შეუძლია. კერძოდ, მკვლევრებმა გაზომეს ცვლილებები სისხლში შაქრის დონესა და წნევაში, რაც გულის დაავადებების ორი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია.
როგორც მათ დაადგინეს, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მსუბუქი გავლა-გამოვლა ერთადერთი სტრატეგიაა, რომელმაც სისხლში შაქრის დონე არსებითად შეამცირა, თუ შევადარებთ მთელი დღის განმავლობაში ჯდომას. კონკრეტულად, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ხუთი წუთით სიარულმა ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის მატება 60 პროცენტით შეამცირა.
ამ სტრატეგიამ, მთელი დღე ჯდომასთან შედარებით 4-5 ნიშნულით შეამცირა სისხლის წნევაც. თუმცა, სისხლის წნევა გააუმჯობესა ხანმოკლე და ნაკლებად ხშირმა გასეირნებებმაც. საათში ერთხელ სულ რაღაც 1-წუთიანმა მსუბუქმა გავლამ სისხლის წნევა ხუთი ქულით შეამცირა.
ფიზიკურ ჯანმრთელობაზე სასარგებლო გავლენის გარდა, გავლა-შესვენებებს სარგებელი ასევე ჰქონდა მენტალურ ჯანმრთელობაზეც. კვლევისას, მეცნიერებმა მონაწილეებს სთხოვეს, საკუთარი მენტალური ჯანმრთელობა სპეციალური კითხვარით შეეფასებინათ. დადგინდა, რომ მთელი დღე ჯდომასთან შედარებით, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მსუბუქმა სიარულმა შეამცირა დაღლილობის შეგრძნება, მონაწილეები უკეთეს განწყობაზე დააყენა და თავი უფრო ენერგიულად აგრძნობინა.
ასევე დადგინდა, რომ განწყობის გასაუმჯობესებლად და დაღლილობის შეგრძნების შესამცირებლად საკმარისი იყო საათში ერთხელ გავლაც.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
ადამიანებს, რომლებიც საათობით სხედან, უფრო მაღალი აქვთ ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი, როგორებიც არის დიაბეტი, გულის დაავადებები, დემენცია, სხვადასხვა ტიპის კიბო — ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც დღის განმავლობაში მოძრაობენ. მჯდომარე ცხოვრების წესი ადამიანებს ნაადრევი სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშაც აყენებს. თუმცა, ყოველდღიურად ვარჯიშმა ჯდომის საზიანო ეფექტები შეიძლება ვერ გაანეიტრალოს.
ტექნოლოგიური პროგრესის გამო, ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ მჯდომიარედ. მრავალი ზრდასრული ადამიანი ახლა დღის დიდ ნაწილს მჯდომიარედ ატარებს.
COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს პრობლემა უფრო გაუარესდა. დისტანციურ სამუშაოზე გადასვლის კვალდაკვალ, ადამიანებს უფრო ნაკლებად სურთ სამუშაო დღეებში სახლიდან გასვლა. შესაბამისად, აშკარაა, რომ 21-ე საუკუნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ პრობლემასთან საბრძოლველად ახალი სტრატეგიებია საჭირო.
ამჟამინდელი სახელმძღვანელოს მიხედვით, ზრდასრული ადამიანები „ნაკლებად უნდა ისხდნენ და მეტად მოძრაობდნენ“. თუმცა, ეს რეკომენდაცია არ გვთავაზობს რაიმე კონკრეტულ რჩევას ან სტრატეგიას, თუ რა სიხშირით და რამდენ ხანს ვიმოძრაოთ.
ახალი კვლევა მარტივ და ხელმისაწვდომ სტრატეგიას გვთავაზობს: ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, ხუთი წუთის განმავლობაში მსუბუქად გაიარ-გამოიარეთ. თუკი ისეთი სამსახური ან ცხოვრების წესი გაქვთ, რომ დიდხანს უნდა იჯდეთ, ქცევის ამ ერთმა ცვლილებამ შეიძლება შეგიმციროთ ის რისკები, რაც ჯდომას აქვს ჯანმრთელობაზე.
ეს კვლევა მკაფიო სახელმძღვანელოს სთავაზობს დამსაქმებლებსაც — როგორ შეუწყონ ხელი სამუშაო ძალის ჯანმრთელობას. რაც არ უნდა წინააღმდეგობრივად ჟღერდეს, გავლა-შესვენებები დასაქმებულებს უფრო პროდუქტიულებს ხდის, ვიდრე შეუჩერებლად მუშაობა.
რაც ჯერ კიდევ არ ვიცით
კვლევა ძირითადად ფოკუსირებული იყო ნაკლები ინტენსივობის რეგულარულ გავლა-შესვენებებზე. სიარულის ზოგიერთმა სტრატეგიამ, მაგალითად, საათში ერთხელ 1-წუთიანმა მსუბუქმა სიარულმა სისხლში შაქრის დონე ვერ შეამცირა. უცნობია, ექნება თუ არა ჯანმრთელობაზე სარგებელი ამ დოზის უფრო ინტენსიურ სიარულს.
შემდეგი ნაბიჯი
მკვლევართა ჯგუფი ამჟამად დიდხანს ჯდომის ზიანის დასაკომპენსირებელ 25 სხვადასხვა სტრატეგიას სინჯავს. მრავალ ადამიანს ისეთი სამსახური აქვთ, მაგალითად, სატვირთოს ან ტაქსის მძღოლებს, რომ მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გასეირნება.
კარგი შედეგების მქონე ალტერნატიული სტრატეგიების პოვნა რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტს შემოგვთავაზებდა, რაც საბოლოოდ ისეთი სტრატეგიის არჩევის საშუალებას მოგვცემს, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესს ყველაზე უკეთესად შეეფერება.
კვლევა Medicine & Science in Sports & Exercise-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.