მარსზე ქვიშის დიუნების გადაადგილების საიდუმლო ამოხსნილია
მარსზე ქვიშის დიუნების გადაადგილების საიდუმლო ამოხსნილია

მარსს და დედამიწას ბევრი საერთო აქვთ, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ქვიშის დიუნების წარმოქმნის პროცესზე. ამ დრომდე უცნობი იყო, ზუსტად როგორ მოძრაობს მარსის ქვიშა ნაპრალებსა და დარტყმით კრატერებში, მაგრამ სავარაუდოდ, პასუხი უკვე გვაქვს.

პლანეტურმა მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ აყალიბებს მარსის ლანდშაფტს ერთობლივად ქარები, თხელი ატმოსფერო, ტემპერატურა და ტოპოგრაფია; ასევე, როგორ განსხვავდება ეს ყველაფერი დედამიწაზე ქვიშის მოძრაობისგან.

ამ კვლევამ შეიძლება დიდი დახმარება გაგვიწიოს მარსზე გამგზავრების გეგმის განხორციელებაში.

მიუხედავად პერიოდული პლანეტის მასშტაბის ქვიშის შტორმებისა, ზოგადად, მარსზე ქვიშა ისე არ მოძრაობს, როგორც შეიძლება გეგონოთ. ამის მიზეზი ის არის, რომ პლანეტის ატმოსფერო თხელი და სუსტია. საშუალო ზედაპირის ატმოსფერული წნევა დედამიწის ზღვის დონის ატმოსფერული წნევის მხოლოდ 0,6 პროცენტია.

ამის გამო, წითელ პლანეტაზე ქარი საკმაოდ სუსტია.

არიზონის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერის, მეთიუ ჩოინაკის განცხადებით, მარსზე უბრალოდ არ არის საკმარისი ქარის ენერგია იმისათვის, რათა ზედაპირზე მნიშვნელოვანი ოდენობის მასალა გადააადგილოს.

მისი თქმით, მარსზე ორი წელი დასჭირდება იმ მოძრაობებს, რაც დედამიწაზე ერთ სეზონში ხდება.

პლანეტურმა მეცნიერებმა დაზუსტებით არ იცოდნენ, კვლავ აქტიურად მოძრაობს თუ არა მარსის დიუნები. ცვლილებებზე დასაკვირვებლად საუკეთესო ადგილებია ფართომასშტაბიანი მახასიათებლები; შესაბამისად, მკვლევართა ჯგუფმა ქვიშის გარკვეული გროვებს დაადგა თვალი.

მათ შეარჩიეს დიუნების 54 ველი, რომლებიც 2-დან 120 მეტრამდე სიმაღლის 495 ცალკეულ დიუნას მოიცავს. ქვიშის მოცულობისა და დიუნების გადაადგილების გასარკვევად, მეცნიერები მარსის ორბიტაზე მოძრავი ხომალდის, Mars Reconnaissance Orbiter-ის მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში გადაღებულ ფოტოებს სწავლობდნენ.

ჩოინაკის განცხადებით, მათ სურდათ გაერკვიათ, ქვიშის მოძრაობა მთელ პლანეტაზე ერთნაირია თუ განსხვავდება რეგიონების მიხედვით. გაზომეს დიუნების გადაადგილების მაჩვენებელი და მოცულობა.

დადგინდა, რომ ნამგლის ფორმის დიუნების მოძრაობის სიჩქარე წელიწადში დაახლოებით ნახევარი მეტრია — დედამიწის ყველაზე სწრაფად მოძრავი დიუნების მაჩვენებელზე 50-ჯერ ნელი.

მკვლევართა ცნობით, სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის კრატერებში, ნაპრალებში, კანიონებში, ვაკეებსა და პოლარულ აუზებში, სხვა ქვიშიანი რეგიონებისგან განსხვავებით, ქვიშა უფრო ძლიერ მოძრაობს.

მათ შორის არის დიდი სირტის პლატო — მოზრდილი, ბნელი წერტილი ჩრდილოეთის დაბლობებსა და სამხრეთის მთიანეთს შორის, ისიდისის დარტყმითი აუზის დასავლეთით; ჰელოსპონტის მთები — 711 კმ-ზე გადაჭიმული ქედი ნოაჩის-ტერასა და ჰელას-პლანიტიას დარტყმით აუზებს შორის; და ჩრდილოეთ პოლუსს გარშემორტყმული ქვიშის ზღვები (ერგები), სახელად ოლიმპია და აბალოს-უნდაე.

ეს სამი ადგილი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება, მაგრამ საერთო აქვთ ორი საკვანძო რამ — ნათლად გარდამავალი ტოპოგრაფია და ზედაპირის ტემპერატურა.

ჩოინაკის განცხადებით, ასეთი ფაქტორები დედამიწის გეოლოგიაში არ გვხვდება. ჩვენს პლანეტაზე ეს ფაქტორები მარსისგან განსხვავდება. მაგალითად, დიუნების მოძრაობას ანელებს მიწისქვეშა წყლები ზედაპირის სიახლოვეს ან მცენარეულობა.

ქვიშის მოძრაობის მაჩვენებელი მაღალია მარსის კიდევ რამდენიმე ზონაში, მაგრამ არა ისეთი, როგორიც აღნიშნულ სამ რეგიონში. მათ შორის არის კაშკაშა ქვიშით ამოვსებული აუზები, რომლებიც ძლიერ ირეკლავს მზის სხივებს და ათბობს აირებს და წარმოქმნის ლოკალიზებულ კონვექციურ დინებებს, რაც ქვიშას გადააადგილებს.

კვლევა ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია uanews.arizona.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.