მარსმავალ Curiosity-ის წითელ პლანეტაზე უკვე 2000 დღე აქვს გატარებული
NASA-ს მარსმავალმა Curiosity-მ ახალ ეტაპს მიაღწია – ხომალდს წითელ პლანტაზე გატარებული აქვს უკვე 2000 მარსული დღე, ანუ სოლი.
თქვენ წინაშეა მავალის მიერ იანვარში გადაღებული ფოტომოზაიკა. სურათის ფონზე ხედავთ შარპის მთას, გორაკს, რომელზეც Curiosity 2014 წლის სექტემბრიდან მიცოცავს. სურათის ცენტრში ასახულია მავალის შემდეგი დიდი სამეცნიერო სამიზნე: ზონა, რომელსაც მეცნიერები აქამდე მხოლოდ მარსის ორბიტიდან, ხელოვნური თანამგზავრის საშუალებით სწავლობდნენ. როგორც გაირკვა, ამ არეალში უხვად არის თიხის მინერალები.
თიხის მინერალების წარმოქმნა მოითხოვს წყალს. მეცნიერებმა უკვე გაარკვიეს, რომ შარპის მთის ქვედა ფენები წარმოქმნილია ტბაში, რომელიც ერთ დროს ფარავდა გეილის კრატერის ფსკერს.
ამ ზონას შეუძლია მეცნიერებს ძალიან ბევრი ახალი ცნობა მიაწოდოს წითელი პლანეტის წყლის შესახებ: რამდენ ხანს იყო ეს ნივთიერება იქ და იყო თუ არა ეს უძველესი გარემო სიცოცხლისთვის ხელსაყრელი.
Curiosity-ს სამეცნიერო ჯგუფს სურს შეისწავლოს ფოტოს ცენტრში ასახული რეგიონის ნიადაგიდან აღებული თიხისშემცველი ნიადაგის ნიმუშები.
ცოტა ხნის წინ, მავალმა ქანების ბურღვა და თავის კომპაქტურ ლაბორატორიებში კვლევა განაახლა.
Curiosity მარსზე 2012 წლის აგვისტოში დაჯდა და ამ დროისთვის გავლილი აქვს 18,7 კილომეტრი. 2013 წელს მისიამ აღმოაჩინა შორეულ წარსულში მტკნარი წყლის არსებობის მტკიცებულებები, რომელშიც სიცოცხლისათვის აუცილებელი ყველა ძირითადი ქიმიური ინგრედიენტი უნდა ყოფილიყო.
2014 წელს Curiosity-მ შარპის მთას მიაღწია და მას შემდეგ აქტიურად სწავლობს გარემოს, სადაც საკუთარი კვალი დატოვებული აქვს როგორც ქარს, ისე წყალს.
მავალმა შეისწავლა 600-ზე მეტი კლდე, რომლებსაც აღენიშნებოდა ტბებისა და მიწისქვეშა წყლების ნიშნები. შედეგად, Curiosity-ს სამეცნირო ჯგუფმა დაასკვნა, რომ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო წითელ პლანეტაზე სულ მცირე, რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში უნდა არსებულიყო.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით