მარსის ზედაპირზე ობობების მსგავსი წარმონაქმნები გადაიღეს — #1tvმეცნიერება
მარსზე მწერები შეიძლება არ არიან, მაგრამ მის ორბიტაზე მოძრავი ხომალდის მიერ გადაღებულ ახალ ფოტოებზე ჩანს ზედაპირზე მიმოფანტული აურაცხელი „ობობა“.
რა თქმა უნდა, ისინი ნამდვილი ობობები არ არიან და სინამდვილეში, წარმონაქმნებია მარსის ზედაპირზე, რომლებიც მთლიანად არაბიოლოგიური პროცესების შედეგად გაჩნდა. მათ „ობობებს“ უბრალოდ შესახედაობის გამო უწოდებენ — ცენტრში მუქი ლაქა აქვთ, რომელსაც გარს აკრავს გარეთ მიმართული თხელი ზოლები.
ისინი წარმოიქმნება წითელ პლანეტაზე სეზონური ცვლილებების შედეგად, როცა უკიდურეს სიცივეს გაზაფხულის სითბო მოსდევს.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მსგავსი ღერძული დახრილობის გამო სეზონები მარსზეც არის, ისინი ჩვენი სეზონებისგან ძლიერ განსხვავდება. ზამთარში ტემპერატურა -123 გრადუს ცელსიუსზე დაბლა ეცემა და თითქმის ყველაფერი იყინება.
მათ შორის ნახშირორჟანგიც, რომელიც ზედაპირზე წარმოქმნის ჩვენთან მშრალი ყინულის სახელით ცნობილ დეპოზიტებს. როცა ცივი ზამთრის შემდეგ გაზაფხული დგება, ტემპერატურა იზრდება; სითბოში ჩვეულებრივი ყინული დნება, მაგრამ ასე არ ემართება მშრალ ყინულს. დნობის ნაცვლად, ის პირდაპირ აირად ორთქლდება (სუბლიმაცია).
როცა ეს დეპოზიტების ძირში არსებულ ყინულს ემართება, წნევა იქამდე იმატებს, ვიდრე მინი-აფეთქება არ მოხდება, რა დროსაც, მუქი, მტვრიანი მასალა ზედაპირიდან მაღლა ამოიტყორცნება და ამომავალ გაზთა ერთად უზარმაზარ გეიზერებად იფრქვევა; ამ დროს წარმოიქმნება ამოზნექილობები, რომელთა სიგანეც კილომეტრი შეიძლება იყოს.
რადიალური ხაზები სინამდვილეში ყინულის ზედაპირის ქვეშაა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ Mars Express Orbiter-ის ფოტოებზე სწორედ ამ მუქ ლაქებს ხედავთ, ქვიშაზე მიმოფანტული ჭორფლების მსგავსად.
ახალი ფოტო მარსის ინკების ქალაქს ასახავს — ამ უცნაურ ფორმაციას ეს სახელი ინკების უძველეს ნანგრევთა ზედხედთან მსგავსების გამო უწოდეს. ფოტოზე ძალიან ბევრი ლაქა მოჩანს, რაც მიუთითებს, რამდენად აქტიურია მარსის ზედაპირი გაზაფხულზე.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.