მარსის ყველაზე მაღალ ვულკანთა მწვერვალებზე თრთვილი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
უკვე საკმაო ხანია, ცნობილია, რომ მარსის პოლუსებზე დიდი ოდენობით წყლის ყინულია. თუმცა, ეკვატორის გარშემო წითელი პლანეტის ზედაპირი უსიცოცხლო, ქვიშიანია, ყოველგვარი ყინულის გარეშე.
ბოლოდროინდელი დაკვირვებების შედეგად, გიგანტურ ფარისებრ ვულკანთა თავზე თრთვილი აღმოაჩინეს, მაგრამ ის მზის ამოსვლიდან სულ ცოტა ხნით ჩანს და მალევე ორთქლდება. შეფასებათა მიხედვით, ყოველდღიურად, მარსის ზედაპირსა და ატმოსფეროს შორის 150 000 ტონა წყალი ცირკულირებს.
განსაკუთრებული შესწავლის საგანია მარსის პოლარული ქუდები, რადგან იქ 2008 წელს წყლის ყინული აღმოაჩინეს. ეს ყინულები მუდმივია, მაგრამ სეზონებთან ერთად იცვლება მათი ზომა.
ზამთარში და სრულ წყვდიადში, ზედაპირი იყინება, რის შედეგადაც, ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგი ზედაპირზე ყინულის დიდი ნაჭრების სახით ილექება. შემდეგ, როცა პოლუსებს მზის სინათლე კვლავ მოხვდება, გაყინული ნახშირორჟანგი კვლავ პირდაპირ აირად ორთქლდება (სუბლიმაცია).
ნახშირორჟანგის გარდა, პოლუსები ძირითადად წყლის ყინულისგან შედგება. მასთან შედარებით, ნახშირორჟანგის დეპოზიტები თხელია და ჩრდილოეთ პოლუსთან მისი სისქე მხოლოდ დაახლოებით ერთ მეტრს აღწევს. სამხრეთ პოლუსს შედარებით მუდმივი ნახშირორჟანგის ყინულის ქუდი აქვს, დაახლოებით 8 მეტრის სისქის.
პლანეტურ მეცნიერთა ჯგუფმა ბრაუნის უნივერსიტეტის მკვლევრის, ადომას ვალანტინასის ხელმძღვანელობით, წყლის ყინულის ჭირხლი მარსის ტარსისის ვულკანების თავზე აღმოაჩინა. ეს ვულკანები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია პლანეტაზე. ტარსისი რეგიონი მრავალ ვულკანს მოიცავს, მათ შორის არის მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთა ოლიმპო.
თრთვილი მარსის ორბიტაზე მოძრავი ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდის, Trace Gas Orbiter-ის ინსტრუმენტ CaSSIS-ის მიერ გადაღებულ მაღალი რეზოლუციის ფოტოებზე აღმოაჩინეს. აღმოჩენა შემდეგში დაადასტურა კიდევ ერთი ხომალდის, Mars Express-ის დამოუკიდებელმა დაკვირვებებმა.
ეს გახლავთ პლანეტის ეკვატორის სიახლოვეს წყლის ყინულის აღმოჩენის პირველი შემთხვევა, რაც გვაიძულებს, აზრი შევიცვალოთ პლანეტის კლიმატის დინამიკის შესახებ. ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ მარსის თხელ ატმოსფეროში შეღწეული მზის დიდი ოდენობით რადიაციის გამო, შეუძლებელი იყო ეკვატორის გარშემო თრთვილის წარმოქმნა. ასეთი გარემო პირობის გამო, იქ ტემპერატურა ზედმეტად მაღალი უნდა იყოს იმისათვის, რათა თრთვილის წარმოქმნა შესაძლებელი გახდეს, თუნდაც ვულკანების მწვერვალებზე.
კვლევა სავარაუდოდ აჩვენებს იმას, რომ თრთვილი მზის ამოსვლიდან მხოლოდ რამდენიმე საათს ძლებს, შემდეგ კი მაღალი ტემპერატურის გამო ორთქლდება.
მიუხედავად იმისა, რომ მარსის თრთვილი ძალიან თხელია, დაახლოებით ადამიანის თმის სისქე, არ დაგვავიწყდეს, რომ მარსის ზედაპირსა და ატმოსფეროს შორის მიმდინარე წყლის ციკლში ყოველდღიურად 150 000 ტონა წყალია ჩართული.
მკვლევართა მიერ აღმოჩენილი თრთვილი ვულკანების კალდერაში დევს. ეს გახლავთ ვულკანის გახსნილი ჩაღრმავება ვულკანის მწვერვალში, რომელიც ამოფრქვევისას ქერქის აფეთქების შედეგადაა წარმოქმნილი. ახლა უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მარსის ვულკანთა მწვერვალებზე უჩვეულო მიკროკლიმატია, რაც თრთვილის თხელი ფენის წარმოქმნის საშუალებას იძლევა.
მომზადებულია brown.edu-სა და Universe Today-ს მიხედვით.