მარსის რელიეფის ახალი ფოტო წითელი პლანეტის უცნაურ ციკლურ წარსულზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება
მარსის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრის მიერ გადაღებული ახალი ფოტო ამჟამად მშრალი და მტვრიანი პლანეტის კომპლექსური წარსულის ახალ ცნობებს გვთავაზობს.
თანამგზავრ Mars Reconnaissance Orbiter-ის ინსტრუმენტმა HiRISE-მა ფოტოები დანიელსონის კრატერს გადაუღო, რომელიც მარსის ეკვატორთან, ოდნავ ჩრდილოეთით მდებარეობს. კრატერში არსებული დანალექების შრეების გამო, ეს რეგიონი გეოლოგების განსაკუთრებული ინტერესის საგანია.
დაშრევებული დანალექები მარსზე ბევრგან გვხვდება, მაგრამ დანიელსონის კრატერი ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ და კარგად შენახულ შრეებს შეიცავს. უფრო საოცარი კი ისაა, რომ ისინი თანაბრად არის გადანაწილებული, ეროზიის სხვადასხვა დონით: ძლიერი შრეები კიბეებს წარმოქმნის, რომლებშიც ასევე შედის სუსტი მასალების შრეები.
თანაბარი შრეები იმას ნიშნავს, რომ ისინი შემთხვევითი პროცესების შედეგად არ არის წარმოქმნილი, მაგალითად, დარტყმითი მოვლენების შედეგად. მეცნიერთა აზრით, შრეები რეგულარული, განმეორებითი პროცესების შედეგად დაილექა.
„ეს ქანი მილიონობით ან მილიარდობით წლის წინ წარმოიქმნა, როდესაც ფხვიერი ნალექები კრატერში ჩავიდა, სათითაო ფენად. დანალექების მახასიათებლების ციკლურმა ცვალებადობებმა ზოგიერთი შრე ეროზიისადმი სხვებზე უფრო მდგრადი გახადა. მილიონობით წლის განმავლობაში, უფრო მტკიცე ფენები საფეხურებად ამოიკვეთა. საფეხურებზე ქარებმა ქვიშა მიმოფანტა“, — წერს NASA 2019 წლის ბლოგპოსტში.
მცირე მასშტაბით არის ძლიერ დაბზარული ქანების მქონე რეგიონებიც. ვინაიდან ეს ნაპრალები ერთმანეთში სრულყოფილად ჯდება, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ისინი მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც დანალექები უკვე კლდედ გადაიქცა.
უცნობია, ზუსტად როგორ წარმოიქმნა დანალექები, მაგრამ სავარაუდოდ, ისინი წლიდან-წლამდე უნდა ფორმირებულიყო.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, პერიოდული პროცესები მარსის ორბიტული ცვლილებებით განპირობებული კლიმატის ცვლილებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ერთი კვლევის მიხედვით კი, ამის მიზეზი მიწისქვეშა წყლების ზემოთ ამოსვლა უნდა ყოფილიყო.
მარსის მრავალფეროვანი ქანები პლანეტურ გეოლოგთა განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ამასობაში კი, წითელი პლანეტის გარშემო მოძრავი თანამგზავრების დახვეწილი კამერები მარსის მომაჯადოებელი წარსულის კვლევაში აქტიურად გვეხმარებიან.
ფოტოს სრული ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ ბმულიდან.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.