მარსის „გრანდ-კანიონის“ საოცრად ახლო ხედები — #1tvმეცნიერება
მარსის „გრანდ-კანიონის“ საოცრად ახლო ხედები — #1tvმეცნიერება

ტითონიუმ-ჩასმა ერთი დიდი კანიონია. მისი სიგრძე 810 კილომეტრია და მიეკუთვნება მარინერის ხეობას — მთელ მზის სისტემაში უდიდეს კანიონურ სისტემას.

კანიონის ეს ახლო ხედი 2013 წელს გადაიღო მარსის ორბიტაზე მოძრავმა ხომალდმა Mars Reconnaissance Orbiter-მა.

ფოტოზე მარსის რელიეფის დაახლოებით კილომეტრიანი მონაკვეთი ჩანს, თავის ბორცვებითა და ხეობებით, მაგრამ როგორც სხვა სურათებზე უფრო შორიდან ხედავთ, ის გიგანტური სისტემის მხოლოდ ერთი მცირე მონაკვეთია.

მსგავსი წარმონაქმნი დედამიწაზეც გვაქვს — მარინერზე ხუთჯერ უფრო თავთხელი და 10-ჯერ უფრო მოკლე გრანდ-კანიონი, რომელიც მდინარე კოლორადომ წარმოქმნა. თუმცა, როგორ გაჩნდა კანიონის ეს სისტემა მარსზე?

მარინერის ხეობისა და ტითონიუმ-ჩასმას სიღრმე 8-10 კილომეტრია; მეცნიერებმა მათი წარმოქმნის ამბავი დაზუსტებით არ იციან.

ცნობილია, რომ მარსის დახრილობა საკუთარი ღერძისადმი დედამიწის მსგავსად სტაბილური არ არის და შორეულ წარსულში 60 გრადუსიდან 10 გრდუსამდე მერყეობდა.

NASA-ს მკვლევრის, ედუინ კაიტის განცხადებით, შესაძლოა, ძლიერმა დახრილობამ მარსის წყლის ყინულის ნაწილობრივი დნობა გამოიწვია, რასაც კანიონის წარმოქმნაც მოჰყვა. ამას მოწმობს დახრილობის ცვლილების მრავალი ციკლის განმავლობაში აკუმულირებული ყინულის, მტვრის, შლამისა და ქვიშის გროვები.

ეს ყველაფერი კარგად ჩანს ზემოთ მოცემულ ტითონიუმ-ჩასმას ფოტოზე. მუქი და ნათელი ზოლები, რომლებიც ფოტოს შუაში დიაგონალურად დაბლა ვრცელდება, შედარებით არაერთგვაროვანია და სავარაუდოდ ასახავს ღერძის დახრილობის ცვლილების მრავალი ციკლის განმავლობაში თანდათანობით დალექილ სედიმენტებს.

ამ ფოტოს გადაღებიდან შვიდი წლის შემდეგაც კი, მარინერის ხეობის წარმოქმნის ზუსტი დეტალები მაინც არ ვიცით. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მარსის ზედაპირი შეიძლება გახლიჩა დიდმა ტექტონიკურმა „ბზარმა“, რასაც მოგვიანებით დაერთო ლავის ან წყლის დინება, თუ პლანეტის დახრილობა ამისათვის შესაფერისი იყო.

ეს საოცარი ფოტო ხომალდმა პლანეტის ზედაპირიდან 264 კმ სიმაღლიდან გადაიღო. უფრო მეტი სურათის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.