მარსის ახალ ფოტოებზე პლანეტის ზედაპირის უნიკალური წარმონაქმნები საოცარ დეტალებში ჩანს — #1tvმეცნიერება
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს მალავს, მარსი ჩვენთვის დღითი-დღე უფრო აშკარა ხდება. ეს კი იმ მრავალი რობოტის დამსახურებაა, რომლებიც ამჟამად აქტიურად მუშაობენ წითელი პლანეტის ზედაპირზე თუ ორბიტაზე.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მარსის ორბიტაზე მოძრავი ხომალდის, Mars Express-ის მიერ გადაღებულ ახალ ფოტოებში მარსის გეოლოგიის ერთი უნიკალური წარმონაქმნი წარმოუდგენელ დეტალებში ჩანს.
პლანეტის ზედაპირზე გადაჭიმული ეს გიგანტური ღარები მიეკუთვნება მარსის ნაპრალების სისტემას, რომელსაც ტანტალუს-ფოსაეს უწოდებენ.
გარდა დეტალურობისა, ფოტოზე ნამდვილად შთამბეჭდავია მასშტაბიც — ღარების სიღრმე 350 მეტრამდეა, სიგანე 10 კმ, სიგრძე კი 1000 კილომეტრამდე.
სურათის ფერები ნამდვილია, ანუ, ადამიანები ამ რეგიონს საკუთარი თვალითაც ზუსტად ასე დაინახავდნენ.
სინამდვილეში კი, ის „ფოტო“ არაა; სურათი მიღებულია მარსის რელიეფის ციფრული მოდელისგან, Mars Express-ის High Resolution Stereo Camera-ს ფერთა არხების გამოყენებით, მაგრამ წარმოადგენს ვრცელი რეგიონის წარმოუდგენლად სუფთა ხედს.
ზემოთ მოცემულ ფოტოზე ხედი ირიბი გადმოსახედიდან ჩანს, ქვემოთ კი მაღლიდან დაბლა.
ESA-ს პრესრელიზის მიხედვით, სურათის მიწისპირა რეზოლუცია 18 მეტრია პიქსელზე. საინტერესოა, რას ვხედავთ?
ჩაღრმავება წარმოადგენს გეოლოგიურ დეპრესიას; ტანტალუს-ფოსაე ვრცელდება შედარებით ბრტყელი მარსული ვულკანის, ალბა-მონსის აღმოსავლეთ მხარეს.
ზედაპირის ფართობით, ალბა-მონსი მარსის უდიდესი ვულკანია — მისი ვულკანური დინების ველები სულ მცირე 1350 კილომეტრზე ვრცელდება. სიმაღლეში მხოლოდ 6,8 კილომეტრია.
ეს ღარები მაშინ წარმოიქმნა, როცა ალბა-მონსი პლანეტის ქერქიდან ამოიმართა და ამ დროს, თავის გარშემო მიმდებარე ზონა გაღუნა და დაამსხვრია.
„ეს ღარები საუკეთესო მაგალითია ზედაპირის წარმონაქმნისა, რომლებსაც გრაბენებს უწოდებენ. თითოეული ღარი ორი პარალელური ნაპრალის მიერ არის წარმოქმნილი, რომლების გახსნისასაც მათ შორის მიწა დაბლა ჩავარდა და სიცარიელე წარმოქმნა“, — განმარტავს ევროპის კოსმოსური სააგენტო.
მსგავსი წარმონაქმნი ალბა-მონსის დასავლეთ მხარესაც არის და მას ალბა-ფოსაეს უწოდებენ.
სურათები მხოლოდ უბრალოდ ლამაზი კი არ არის, არამედ შეიძლება დაგვეხმაროს მარსის ზედაპირის წარმოქმნის ამბის უკეთ გარკვევაშიც.
მიჩნეულია, რომ ყველა ეს სტრუქტურა ერთდროულად არ წარმოქმნილა. ისინი ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა, რის გამოც, ზოგიერთი ღარი ერთმანეთს კვეთს.
მაგალითად, ფოტოზე ხედავთ დარტყმით კრატერს, რომელსაც გრაბენები კვეთს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჯერ კრატერია წარმოქმნილი.
ხომალდი Mars Express-ი უკვე 18 წელიწადია მარსის გარშემო მოძრაობს. ის იქ კიდევ დიდხანს დარჩება და მეზობელი პლანეტის კიდევ არაერთ უნიკალურ ხედს შემოგვთავაზებს.
მომზადებულია esa.int-ის მიხედვით.