მარშის მონაწილე აქტივისტი სანდრო ქინქლაძე - რუსთაველზე ან შამპანურით ხელში შევხვდებით, ან ფიზიოლოგიურით
ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე, ბანერზე რა ეწერება და როგორ ეწერება, ამას არა აქვს მნიშვნელობა, თუ 41-ით არაა გაფერადებული, ყველა დანარჩენი ბანერი და პლაკატი არის ჩვენი ევროპული მომავლისთვის გათვლილი, – ამის შესახებ ოპოზიციისა და არასამთავრობოების ორგანიზებით გამართული მარშის მონაწილემ, აქტივისტმა სანდრო ქინქლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცოტა დროა დარჩენილი ცვლილებებამდე.
„26-ში ხმას თუ არ ამოვიღებთ, თუ ამ ხელისუფლებას დავუთმობთ, მაშინ ჩვენ ცვლილებებს ძალიან დიდი ხნით უნდა დავემშვიდობოთ, იმ ფანჯარას, რომელიც ახლა ღია არის და გვაქვს შესაძლებლობები, რომ ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს, თუ დავხურავთ, მაშინ ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება. ახლა გვაქვს ძალიან, ძალიან ცოტა დრო დარჩენილი ცვლილებებამდე. თუ არ გავანძრევთ ხელს, გონებას არ მოვიხმობთ, არ გავალთ დამკვირვებლად, არ მივცემთ არჩევნებში ხმას, თუნდაც დღეს ამ აქციას არ შევუერთდებით, მაშინ უშედეგო იქნება ყველა ის ბრძოლა, რაც წლის დასაწყისში იყო. ძალიან დიდი მობილიზება გვჭირდება, ჩვენივე თავის, ფსიქოლოგიის, ფიზიკური ენერგიის, რადგან ყველაფერი ძალიან ძნელი იქნება არჩევნების დღეს, ემოციურადაც, ფიზიკურადაც. ან შამპანურით შევხვდებით რუსთაველზე, ან ფიზიოლოგიურით ხელში, ვნახოთ“, – განაცხადა სანდრო ქინქლაძემ.