მარნეულში ყველა უბნის დათვლის შემდეგ, 78,7 პროცენტით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი იმარჯვებს
მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ოლქში გახსნილ 90-ვე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის შემდეგ, 78,7 პროცენტით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი იმარჯვებს.
მეორე ადგილზე 11,5 პროცენტით „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი აგილ მუსტაფაევი გავიდა, ხოლო „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა, აკმამედ იმამკულიევმა 7,8 პროცენტი მიიღო.
მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში სულ 99 717 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საიდანაც საკუთარი გადაწყვეტილება 36 688 ამომრჩეველმა დააფიქსირა.
რაც შეეხება საჩივრებს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იაკობ ასანოძის განცხადებით, სულ 30-მდე საჩივარია დაწერილი, თუმცა ისინი არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.
„სულ 30-მდე საჩივარი დაიწერა. მათი უმრავლესობა ეხება დილის პროცედურების დარღვევებს, ტექნიკურ ხარვეზებს და ასევე უბნების დახურვის შემდეგ ხმების დათვლის პროცესში დაიწერა ზოგიერთი მათგანი. საოლქო საარჩევნო კომისია ორ დღეში, კანონით დადგენილ ვადებში დაიწყებს საჩივრების განხილვას. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საჩივრები არ არის ისეთი შინაარსის, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინოს“, – განაცხადა იაკობ ასანიძემ.