მარნეულში, სადაც „ქართული ოცნების“ შტაბის წევრ თემურ შუბითიძეს თავს დაესხნენ, სამართალდამცველები მუშაობენ
მარნეულში, იმ ადგილზე, სადაც „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის წევრს, თემურ შუბითიძეს თავს დაესხნენ, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა თემურ შუბითიძის ავტომობილს, რომელიც სამსახურში მიდიოდა, მანქანა განზრახ დააჯახეს და გაუსწორდნენ.
თემურ შუბითიძის ძმა, გიორგი შუბითიძე ამბობს, რომ ოთხი თავდამსხმელი იყო.
„როგორც კი გაჩერდა ჩემი ძმის მანქანა, მივიდნენ და სცემეს. მეტი არაფერი ვიცი, გამოძიება მიდის. მოწმეებიც ყოფილან, მათ დარეკეს 112-ში. როგორც მე გავიგე, ოთხი პირი იყო. მეტი ინფორმაცია არ ვიცი. ჩემს ძმას ვერ შევხვდი ჯერ. ექიმმა მითხრა, დამატებითი გამოკვლევებია საჭიროო. ხელი და ფეხი აქვს დაზიანებული. გუშინ რაღაცები შეითითხნა ჩემი ძმის და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, თითქოს მონაწილეობას ვღებულობდით იმ პროვოკაციულ მოძრაობაში, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. რატომ მოხდა თითის გაშვერა ჩვენზე, არ ვიცი. ჩემი ძმა იქ იყო, „ქართული ოცნების“ შტაბში. გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – განაცხადა გიორგი შუბითიძემ.
ადგილზე, სადაც „ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბის წევრს თავს დაესხნენ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ირაკლი სესიაშვილი და მამუკა მდინარაძე არიან მისული.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადაჰყავს დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში.