მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული ო.მ., დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 10 ოქტომბერს, მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთი ჩაიხანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თან ახლდა 1984 წელს დაბადებულ რ.ა.-ს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი პირი დაჭრა, თუმცა ამის შესახებ ო.მ. -ს პოლიციისთვის არ შეუტყობინებია.
„სამართალდამცველებმა რ.ა. ცხელ კვალზე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ო.მ. კი – მომხდარიდან მეორე დღეს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
ო.მ.-ს მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობას იმ პირის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
რაც შეეხება, რ.ა.-ს, ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ასევე თბილისში დააკავეს.