მარნეულში დაჭრის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავეს

11:26, 11.10.2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული რ.ა. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთი ჩაიხანის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი პირი – 1997 წელს დაბადებულ ი.ო. და 2000 წელს დაბადებული კ. ნ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

მსგავსი