მარნეულის სოფლებში მინისტადიონებისა და სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა იგეგმება
მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულის მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება, წინა წლებში, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტიდან ეკონომიის სახით დარჩენილი თანხებით დააფინანსოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასახორციელებელი პროექტების ბიუჯეტიდან დარჩენილი ეკონომია მოხმარდება მარნეულში და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აზიზკენდსა და წერაქვში მინისტადიონების მოწყობას. სპორტული მოედნებით ისარგებლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2 700-მდე მცხოვრები.
ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ბურმაში კი მოეწყობა სასმელი წყლის ჭაბურღილი.
„ამ სოფელში უკვე არსებობს სასმელი წყლის შიდა ქსელი, მაგრამ მოსახლეობისთვის წყლის მისაწოდებლად აუცილებელია ჭაბურღილის მოწყობა, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან წინა წლების ეკონომიის სახით დარჩენილი თანხითა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სოფელს სასმელის წყლის ახალი ინფრასტრუქტურა ექნება, რომლითაც 148 აბონენტი ისარგებლებს“, – აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.